პილოტი ირაკლი მეზვრიშვილი უარყოფს დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მან თბილისი-მოსკოვის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით საკუთარი კონკრეტული პოზიცია დააფიქსირა. მეზვრიშვილის განმარტებით, მისი როგორც პილოტის ვალდებულება არა პოლიტიკური შეფასებების გაკეთება, არამედ მგზავრების უსაფრთხოებაა.

„ხაზგასმით და კატეგორიულად ვაცხადებ: არსად, არც ერთ ორგანიზაციასთან თუ მედიასაშუალებასთან არ მქონია კომუნიკაცია რუსეთ-საქართველოს ფრენებთან დაკავშირებით, არ გამიკეთებია არანაირი კომენტარი და შეფასება, შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება ის სიყალბე, რომლის შედეგად ადამიანებმა გამოხატეს ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება ჩემს მიმართ!

ქართული ტელევიზიებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც პირველწყაროში უბრალოდ არც კი იძებნება, არის ბინძური ტყუილი, ცილისწამება და ჩემი რეპუტაციის შელახვა, რომელსაც მე ჩემი საქმიანობით და ცხოვრების წესით მუდმივად ვუფრთხილდები და ვიცავ ჩემი მაღალი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით.

ჩემთვის ძალიან მტკივნეული და შეურაცხმყოფელია ის კომენტარები, რაც მოჰყვა სოციალურ ქსელში ამ ე.წ. „ნიუსის“ გამოქვეყნებას, შესაბამისად, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ აზიანებს ჩემს როგორც ადამიანურ, ისე პროფესიულ რეპუტაციას და არის ტყუილი და ცილისწამება.

ხოლო თუ ვინმესთვის მაინცდამაინც ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი პოზიცია ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, განვმარტავ, რომ მე ვარ პროფესიონალი მფრინავი, მრავალი წელია ერთგულად ვემსახურები ჩემს საქმეს, ჩემს ქვეყანას და ჩემი ერთადერთი, ყველაზე დიდი ვალდებულებაა არა პოლიტიკური შეფასებების გაკეთება, არამედ მგზავრების უსაფრთხოება და მშვიდობიანი ფრენა ყველა ქვეყანაში, სადაც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ამის საჭიროება იქნება“, – წერს ირაკლი მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

დღეს მედია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებაზე დაყრდნობით წერდა, რომ ირაკლი მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ “დღეს ბედნიერი ვარ: თითქმის ოთხი წლის შემდეგ ისევ ვჯდები მოსკოვში მიმავალი თვითმფრინავის საჭესთან. პირდაპირი კავშირი სასარგებლო და სწორია. მოვესწარით!“.

თუმცა ამ დროისათვის რუსეთის ინტერესების განყოფილების „ფეისბუქის“ გვერდზე აღნიშნული პოსტი არ იძებნება.