2019 წლის მაჩვენებლებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიები Armenia Aircompany და SCAT Airlines-ი არიან. სომხურმა ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების (გამფრენი) 78,10% -ი პუნქტუალურად განახორციელა. ხოლო რაც შეეხება ყაზახურ ავიაკომპანიას, 2019 წელს SCAT Airlines-მა თბილისის მიმართულებით (მომფრენი) ავიარეისების 63,98%-ი დროულად შეასრულა.
რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, 2019 წლის პუნქტუალურობის ლიდერები Ryanair-ი და SkyUp Airlines-ი არიან. Ryanair-ი, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე 2019 წლის ნოემბრიდან შემოვიდა და გასული წლის განმავლობაში რეისები მხოლოდ 2 თვის განმავლობაში შეასრულა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან (გამფრენი) დროულად განხორციელებული ავიარეისებით ლიდერია. ავიაკომპანიამ საანგარიშო პერიოდში შესრულებული ავიარეისების 58,62%-ი დროულად განახორციელა.
რაც შეეხება თავად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით (მომფრენი) განხორციელებულ ავიარეისებს ლიდერი, ანუ ყველაზე პუნქტუალური უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი აღმოჩნდა, რომელმაც 2019 წელს განხორციელებული ავიარეისების 35,89%-ი დროის სრული დაცვით შეასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საქართველოს ავიასანქციები დაუწესა და რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგს რუსული ავაკომპანია S7 და აზერბაიჯანულ AZAL/Buta Airways-ი ლიდერობს.
ირკვევა, რომ 2019 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან (გამფრენი) განხორციელებული ავიარეისებით ლიდერი S7-ია (86,31%), ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით (მომფრენი) განხორციელებული ავიარეისებით კი აზერბაიჯანის ავიახაზები და მისი შვილობილი ავიაკომპანია – AZAL/Buta Airways-ი (73,58%).
რაც შეეხება 2019 წელს საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირებულ ყველაზე ხანგრძლივ დაგვიანებას, აღნიშნული შემთხვევა ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს ანგარიშზეა, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო თბილისი-ალმა ატას რეისის განხორციელება თითქმის 24 საათიანი დაგვიანებით მოუხდა.
მასალაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები დაანგარიშებულია ავიაკომპანიების მიერ, განრიგით გამოცხადებულ დროსა და ფრენების რეალურად შესრულებულ დროს შორის 10 წუთიანი სხვაობის გათვალისწინებით (როგორც აფრენაზე, ისე მოფრენაზე), რაც საკმაოდ მცირე დროის პერიოდს წარმოადგენს და შესაბამისად მონაცემები დაბალ პროცენტულ მაჩვენებლებში გამოიხატა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დადგენილი განრიგით გათვალისწინებული რეისების დაგვიანებით შესრულება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, მათ შორის, რთული მეტეოროლოგიური პირობების, გადატვირთული საჰაერო სივრცის, ინფრასტრუქტურული, ტექნიკური, პროგრამული თუ სხვა ფაქტორების გამო. შესაბამისად, დაგვიანება ხშირად საერთოდ არ არის გამოწვეული ავიაკომპანიის მიზეზით. შესაბამისად, “ლიდერთა რეიტინგი”, რომელსაც AviaNews-ი გთავაზობთ, არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ავიაკომპანიები პუნქტუალურობის მხრივ ყველაზე “ძლიერები” არიან. დაკვირვება აჩვენებს იმასაც, რომ რეიტინგი ცვალებადია და დღეს რეიტინგის სათავეში მყოფი ავიაკომპანია, შემდეგ წელს შესაძლოა ამ რეიტინგის შუაში ან სულაც ბოლოში აღმოჩნდეს. ავიაკომპანიის მიერ რეისის დაგვიანებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს და წინასწარ მისი გამორიცხვა შეუძლებელია.