საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) მთავრობებს ავიაკომპანიების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. IATA-ს მოწოდება იმ ქვეყნებსა და ავიაკომპანიებს ეხებათ, რომელთაც ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო რეისების გაუქმება ან შემცირება მოუხდათ.

IATA-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, ასოციაციის გენერალური დირექტორის ალექსანდრ დე ჟიუნიაკი განმარტავს, რომ გლობალური საჰაერო ტრანსპორტის ინდუსტრია ეპიდემიის გამო ცუდ ვითარებაშია და 2020 წელი ავიაკომპანიებისთვის რთული იქნება.

ალექსანდრ დე ჟიუნიაკის თქმით, ამ დროისათვის მთავარი პრიორიტეტი ვირუსის გავრცელების შეჩერებაა, ხოლო ავიაკომპანიებმა უნდა დაიცვან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციები, რათა უზრუნველყონ მგზავრთა უსაფრთხოება.

იმავდროულად, ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე მოთხოვნის მკვეთრმა შემცირებამ ავიაგადამზიდავებზე სერიოზული ნეგატიური ფინანსური გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით კი იმ ავიაკომპანიებზე, რომლებიც ჩინეთის ავიაბაზარზე ოპერირებდნენ.

IATA-ს შეფასებით, 2020 წელს მიმდინარე მოვლენების ფონზე, ავიაგადაზიდვების საერთო ბაზარი 4.7%-ით შემცირდება. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვეყნების მთავრობებმა თავის თავზე აიღონ ეკონომიკის გაძლიერებაზე ზრუნვა და ავიაგადამზიდავებს დაეხმაროს. მაგალითად, სინგაპურის მთავრობა 112 მლნ სინგაპურულ დოლარს გამოყოფს, რათა ავიაკომპანიებს ფინანსური დახმარება გაუწიოს. 

“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხრივ საგანგებო მდგომარეობა გაქვს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ის ეკონომიკურ კრიზისში არ გადაიზარდოს. აეროპორტების ხარჯების შემცირება ხელს შეუწყობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ავიამიმოსვლის მხარდაჭერას. სხვა მთავრობებმა ეს უნდა გაითვალისწინონ და სწრაფად იმოქმედონ”, აცხადებს IATA-ს ხელმძღვანელი.