საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 71%-იანი კლებაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 208 638 მგზავრს მოემსახურა, რაც 70,69%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებთან შედარებით.

2020 წლის ოთხ თვეში ქვეყნის აეროპორტები სულ 711 858 მგზავრს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 488 944 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად 2021 წლის იანვარ-აპრილის მონაცემები 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 85,99%-იან კლებას აჩვენებს. 

მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხნა დაიწყო. თუმცა პანდემიის ფონზე მთელს მსოფლიოში არაპროგნოზირებადი ვითარებაა და მესამე ტალღის გამო დაწესებული შეზღუდვები რა შედეგ “დადებს” ჯერჯერობით უცნობია. 

2021 წლის იანვარ-აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 182 814 მგზავრს მოემსახურა, რაც 62,08%-ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის ოთხი თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2020 წლის იანვარ-აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 482 046 მგზავრს, 2019 წლის იანვარ-აპრილში კი 1 136 198 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2021 წლის იანვარ-აპრილში 2019 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით მგზავრთნაკადის 83,91%-იანი კლებაა. 

იანვარ-აპრილში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 24 562 მგზავრი გაატარა, რაც 49,21%-ით ნაკლებია 2020 წლის, ხოლო 72,22%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე. 2020 წლის 4 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 48 359 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 4 თვეში 88 432 მგზავრს მოემსახურა. 

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის “გამოცოცხლება” სახეზეა, რადგანაც გასულ წლებთან მიმართებაში მგზავრთნაკადის სხვაობა პროცენტულ ჭრილში მცირდება. ქვეყნის საავიაციო ხელისუფლება ბაზრის გამოცოცხლებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ არსებული მაჩვენებლებით მათ თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით მაღალია. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 2021 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით თითქმის 100%-იანი კლებაა. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-აპრილში 2020 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით მგზავრთნაკადის 99,30%-იანი კლება დაფიქსირდა, 2019 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით კი 99%-იანი. 2021 წლის იანვარ-აპრილში აეროპორტი 1 262 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-აპრილში 181 453 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 224 314 მგზავრს.  

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 68,38%-იანი კლებაა (530 მგზავრი), ამბროლაურის აეროპორტში 1,59%-იანი კლება (186 მგზავრი), ხოლო ნატახტარის აეროდრომში 53,66%-იანი კლება (716 მგზავრი) დაფიქსირდა.