საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის მხოლოდ 23,86%-ით დაიბრუნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 594 ათას 67 მგზავრს მოემსახურა, რაც 17,75%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებთან შედარებით.

2020 წლის 6 თვეში ქვეყნის აეროპორტები სულ 722 ათას 228 მგზავრს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 მლნ 489 ათას 820 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად 2021 წლის იანვარ-ივნისის მონაცემები 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 76,14%-იან კლებას აჩვენებს. 

მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. თუმცა პანდემიის ფონზე მთელს მსოფლიოში არაპროგნოზირებადი ვითარებაა და მესამე ტალღის გამო დაწესებული შეზღუდვები რა შედეგ “დადებს” ჯერჯერობით უცნობია. 

2021 წლის იანვარ-ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 437 ათას 573 მგზავრს მოემსახურა, რაც 10,45%-ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის 6 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2020 წლის იანვარ-ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 488 ათას 645 მგზავრს, 2019 წლის იანვარ-ივნისში კი 1 მლნ 870 ათას 79 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2021 წლის იანვარ-ივნისში 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით მგზავრთნაკადის 76,60%-იანი კლებაა. 

სამაგიეროდ 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის სერიოზული ზრდა ფიქსირდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. იანვარ-ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 121 ათას 901 მგზავრი გაატარა, რაც 150,21%-ით მეტია 2020 წლის, ხოლო 50,73%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე. 2020 წლის 6 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 48 ათს 720 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 6 თვეში 247 ათას 391 მგზავრს მოემსახურა. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 2021 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით თითქმის 83%-იანი კლებაა. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ივნისში 2020 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით მგზავრთნაკადის 83,01%-იანი კლება დაფიქსირდა, 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით კი 91,55%-იანი. 2021 წლის იანვარ-ივნისში აეროპორტი 30 ათას 821 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-ივნისში     181 ათას 453 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 364 ათას 834 მგზავრს.  

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის “გამოცოცხლება” სახეზეა, რადგანაც გასულ წლებთან მიმართებაში მგზავრთნაკადის სხვაობა პროცენტულ ჭრილში მცირდება. ქვეყნის საავიაციო ხელისუფლება ბაზრის გამოცოცხლებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ არსებული მაჩვენებლებით მათ თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით მაღალია. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ზაფხულის აქტიური სეზონი ივლისში იწყება და წლის მეორე ნახევარში მგზავრთნაკადის მონაცემები სავარაუდოდ გაუმჯობესებული იქნება.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 23,45%-იანი კლებაა (1 283 მგზავრი), ამბროლაურის აეროპორტში კი პირიქით 2020 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებთან შედარებით 219,05%-იანი მატება (603 მგზავრი), ხოლო ნატახტარის აეროდრომში 22,07%-იანი ზრდა (1 886 მგზავრი) დაფიქსირდა.