საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 83%-ი დაიბრუნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 4 059 453 მგზავრს მოემსახურა, რაც თითქმის 81,47%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებთან შედარებით.
2021 წლის 11 თვეში ქვეყნის აეროპორტები სულ 2 237 038 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში კი 814 690 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 11 თვეში 4 877 967 მგზავრს მოემსახურნენ. შესაბამისად 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის 16,78%-იანი კლება დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 398,28%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 81,47%-იანი მატება.
საქართველოს საერთო მგზავრთნაკადზე გარკვეულწილად აისახა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და საომარი მოქმედებების გამო უკრაინაში შეჩერებული ფრენები. უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე 24 თებერვლიდან ჩაკეტა. უკრაინის ბაზრის დაკარგვა საქართველოს ტურისტულ ნაკადზე ზაფხულის სეზონზე უფრო მკვეთრად აისახა.
როგორც ცნობილია, მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.
2022 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 736 990 მგზავრს მოემსახურა, რაც 83,29%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის 11 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 493 258 მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 571 554 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში კი 3 470 415 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2022 წლის 11 თვეში 2019 წლის 11 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 21,13%-იანი კლებაა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 378,87%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით კი 83,29%-იანი ზრდა. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თითქმის 79%-ით დაუბრუნდა მგზავრთნაკადის იმ მაჩვენებელს რაც ჰქონდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.
მგზავრთნაკადის 98%-იანი აღდგენაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 584 114 მგზავრი გაატარა, რაც 19,10%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1038,20%-ით მეტი 2020 წლის, ხოლო 2,31%-ით ნაკლები 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის 11 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 490 434 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში 51 319 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 11 თვეში 597 912 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2022 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 90%-ი დაიბრუნა. (აღდგენის დინამიკა შესაძლოა უფრო დინამიური ყოფილიყო, თუმცა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაცია მოახდინა და რამდენიმე კვირის განმავლობაში აეროპორტი მთიანად დაკეტილი იყო და რეისებს ვერ ემსახურებოდა)
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 2021 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით მგზავრთნაკადის 195,44%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 287,10%-იანი ზრდა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 10,19%-იანი კლება. 2022 წლის იანვარ-ნოემბერში აეროპორტი 710 764 მგზავრს, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 240 575 მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 183 613 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 791 399 მგზავრს.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 2022 წლის 11 თვეში 2021 წლის 11 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 92,25%-იანი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 184,97%-იანი ზრდაა. რაც შეეხება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მგზავრთნაკადის შედარებას 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან 9,79%-იანი ზრდაა.
ამბროლაურის აეროპორტში 2021 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებლებთან შედარებით 37,44%-იანი მატება, 2020 წლის 11 თვის მაჩვენებლებთან შედარებით 112,62%-იანი ზრდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი 33,21%-იანი ზრდა.
ხოლო ნატახტრის აეროდრომში გასული წლის 11 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 155,51%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით მგზავრთნაკადის 313,34%-იანი ზრდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 94,93%-იანი ზრდა.