საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 69%-ი დაიბრუნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 700 200 მგზავრს მოემსახურა, რაც თითქმის 6-ჯერ მეტია 2021 წლის I კვარტლის მონაცემებთან შედარებით. გასული წლის სამ თვეში აეროპორტებმა 105 279 მგზავრი გაატარა.
2020 წლის იანვარ-მარტში ქვეყნის აეროპორტები სულ 711 536 მგზავრს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 016 096 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად 2022 წლის იანვარ-მარტის მონაცემები 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 565,09%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო 2020 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 1,59%-იან კლებას. პანდემიამდელ პერიოდთან (2019 წლის სამი თვე) შედარებით კი საქართველოს აეროპორტებმა 31,09%-ით ნაკლები მგზავრი გაატარა.
საქართველოს საერთო მგზავრთნაკადზე გარკვეულწილად უკვე აისახა და სამომავლოდ უფრო მკვეთრ ასახვას ჰპოვებს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და საომარი მოქმედებების გამო უკრაინაში შეჩერებული ფრენები. უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე 22 თებერვლიდან ჩაკეტა. უკრაინის ბაზრის დაკარგვა საქართველოს ტურისტულ ნაკადზე ზაფხულის სეზონზე უფრო მკვეთრად აისახება.
როგორც ცნობილია,მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.
2022 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 507 050 მგზავრს მოემსახურა, რაც 406,57%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის სამი თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2021 წლის იანვარ-მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 100 094 მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 479 120 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-მარტის პერიოდში კი 804 671 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2022 წლის I კვარტალში 2019 წლის I კვარტალთან შედარებით მგზავრთნაკადის 36,99%-იანი კლებაა, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 5,83%-იანი ზრდა. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 63%-ით დაუბრუნდა მგზავრთნაკადის იმ მაჩვენებელს რაც ჰქონდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.
მგზავრთნაკადის სერიოზული ზრდა ფიქსირდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 68 474 მგზავრი გაატარა, რაც 1635,28%-ით მეტია 2021 წლის, 44%-ით მეტი 2020 წლის, ხოლო 31,93%-ით მეტი 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის სამ თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 3 946 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-მარტში 47 553 მგზავრს, ხოლო 2019 წლის სამ თვეში 51 900 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2022 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 77,48%-ი დაიბრუნა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში 2021 წლის იანვარ-მარტთან შედარებით მგზავრთნაკადის 37046,79%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 33,06%-იანი კლება, ხოლო 2019 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 22,52%-იანი კლება. 2022 წლის იანვარ-მარტში აეროპორტი 121 470 მგზავრს, 2021 წლის იანვარ-მარტში 327 მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 181 453 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 156 784 მგზავრს.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მათ მოახერხეს და პანდენიამდე არსებული მაჩვენებლები დაიბრუნეს და მგზავრთნაკადის სტატისტიკა გააუმჯობესეს კიდეც.
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 2022 წლის I კვარტალში 2021 წლის I კვარტალთან შედარებით მგზავრთნაკადის 306,65%-იანი ზრდაა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 16,05%-იანი კლება. რაც შეეხება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მგზავრთნაკადის შედარებას 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან 12,92%-იანი ზრდაა.
ამბროლაურის აეროპორტში 2021 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლებთან შედარებით 152,73%-იანი მატება, 2020 წლის სამი თვის მაჩვენებლებთან შედარებით 47,09%-იანი ზრდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი 42,56%-იანი ზრდა. ხოლო ნატახტარის აეროდრომში გასული წლის სამ თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 233,55%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის იანვარ-მარტთან შედარებით მგზავრთნაკადის 1,55%-იანი კლება, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 17,00%-იანი ზრდა.