გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგულმა ჟურნალმა
Süddeutsche Zeitung-მა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა.

გამოცემის რედაქტორი ჯოანა პანდი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდა და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა.
“გამარჯობა მისალმებას ნიშნავს და პირდაპირ რომ ვთარგმნოთ იყავი გამარჯვებულს ნიშნავს. საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ინტერესია, ეს არის კავკასიაში მდებარე თითქმის ბავარიის ზომის ქვეყანა, 3.7 მილიონი მოსახლეობით. წელს საქართველო ბერლინის ტურისტული გამოფენის ITB Berlin პარტნიორი ქვეყანა იყო კულტურული მიმართულებით, ხოლო 2023 წელს გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას“.-წერს ავტორი.
Süddeutsche Zeitung-ის სტატიაში ქართულ სუფრა, კერძები, კულტურა, პოლიფონიური მუსიკაა აღწერილი, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს.
“ღვინო ჩვენი კულტურის ნაწილია. მთელ მსოფლიოში ღვინის უძველესი წარმოებით საქართველო ამაყობს. კულტივაცია 8 ათასი წლის წინ დაიწყო. მსოფლიოში საქართველოს ღვინის კულტურა ცნობილია ქვევრით, ღვინის შესანახი მიწისქვეშა ჭურჭლით“.-აღნიშნავს გამოცემის რედაქტორი.

სტატიაში აღწერილია იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის ტურისტული ადგილები, სამონასტრო კომპლექსები, სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტები.
“მშრალი ჰაერის გამო ბაკურიანში ფაფუკი თოვლია. მცირე კავკასიონის მთებში მდებარე ბაკურიანი ერთ-ერთ მთავარ სამთო კურორტად განვითარდა და წელს საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, კურორტზე მსოფლიო თასის ეტაპი სკი-კროსში გაიმართა. ბაკურიანის ჩრდილოეთით კავკასიონის დიდი ქედის მწვერვალები მოჩანს, ხოლო სამხრეთით მცირე კავკასიონის ვულკანური მთები“.-წერს ჯოანა პანდა.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცხეთას, ძველ თბილისს, ქალაქის არქიტექტურას.
“აივნები როგორც თბილისის, ასევე მაღალმთიანი რეგიონების არქიტექტურული სიმბოლოა. ეს ის ადგილი სადაც ზაფხულს ატარებენ. ფერადი აივნები ხის ელემენტებს შეიცავს, როგორც კი დათბება აივნებზე სტუმრების მიღებას დაიწყებენ. საქართველოში სტუმარი ღვთისაა” -წერს Süddeutsche Zeitung-ის რედაქტორი.
სტატიის ბოლოში ავტორი მკითხველს ინფორმაციას აწვდის თუ როგორ შეიძლება საქართველოში გამგზავრება, დაბინავება და კერძების დაგემოვნება.
ჟურნალი Süddeutsche Zeitung მიუნხენში იბეჭდება. გამოცემას 1.28 მილიონი მკითხველი ჰყავს, ჟურნალის ონლაინ ვერსიას კი თვეში 13 მილიონი მომხმარებელი ეცნობა.

სტატია იხილეთ – https://www.sueddeutsche.de/reise/georgien-kultur-wein-polyphoner-gesang-unesco-weltkulturerbe-1.5538853?reduced=true