ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმუნიზაციის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, „ბუსტერ” დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით.

მისივე, განმარტებით, “ბუსტერ” დოზების გამოყენება დაიწყება ხვალიდან, როდესაც ეს შესაბამის ბრძანებაში აისახება.

„მთავარი გადაწყვეტილებები, რომელიც საბჭომ მიიღო, შეეხება “ბუსტერ” დოზების გამოყენების წესს. “ბუსტერ” დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით. ამ შემთხვევაში პირს, რომელიც აცრილია Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინით შეუძლია, გამოიყენოს Sinopharm-ის ან Sinovac-ის ვაქცინა “ბუსტერ” დოზისთვის ან გაიკეთოს Pfizer-ის დოზა. AstraZeneca-ს შემთხვევაში 6 თვის შემდეგ პირს დამატებით შეუძლია გაიკეთოს Pfizer-ის დოზით “ბუსტერ” დოზა, რაც შეეხება Pfizer-ის დოზით ვაქცინირებულ პირებს, მათთვის, ბუნებრივია, რეკომენდებულია ისევ მეორე აცრიდან 6 თვეში Pfizer-ის დოზის გამოყენება. არის ერთი დაზუსტება, რომელიც ითვალისწინებს 60 წლის ზემოთ პირებში, რომლებიც აცრილები არიან Sinopharm-ით და Sinovac-ით“, “ბუსტერ” დოზის გამოყენების შესაძლებლობას არა 6 თვის შემდეგ, არამედ 3 თვიდან 6 თვის ინტერვალში მეორე აცრიდან.

დღემდე „ბუსტერ“ დოზით აცრილია, დაახლოებით, 3500 პირი. ჯერჯერობით 6 თვე არ გასულა მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ მასობრივი ვაქცინაციის კამპანია Sinovac-ით, Sinopharm-ით და შემდეგ Pfizer-ით. უფრო დიდი ნაკადი მოსალოდნელია დეკემბერში და განსაკუთრებით, იანვარში, რადგან ზუსტად ეს არის პერიოდი, როდესაც უკვე გავა 6 თვე Pfizer-ის მეორე დოზით აცრიდან,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, იმუნიზაციის საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები საქართველოში, ასევე ვაშინგტონის ოფისიდან კოლეგები, რომლებიც ჩაერთვნენ იმისთვის, რომ გაეცნოთ უახლესი რეკომენდაციები ვაქცინაციის პროგრამის სტიმულირებისთვის.