საქართველოს უკრაინული ავიაკომპანია Aerosvit-ისგან დავალიანების ამოსაღებად ხანგრძლივი პროცედურის გავლა მოუწევს.
ავიაკომპანია წლებია აღარ ფუნქციონირებს და შესაბამისად Aerosvit-ს სასამართლოს განჩინება ვერ ჩაბარდა.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ განმარტებით, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში უკრაინის ტერიტორიაზე გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ შევიდა.
უწყების იურისტი ვახტანგ ზარნაძე AviaNews-სთან ვალის ამოღების შემდეგ პორცედურებსაც განმარტავს.
კერძოდ, პროცედურულად, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დახმარებით შესაბამისი თხოვნით მიმართავს უკრაინის იუსტიციის სამინისტროს, რომლის პრეროგატივაა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.
თუმცა რა თანხის ამოღებას შეძლებს უკრაინის იუსტიციის სამინისტრო გაკოტრებული კომპანიისგან, ან როგორ განვითარდება მოვლენები ამ დროისათვის უცნობია.
მხარეებს შორის დავა სასამართლოში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღის უკან გამოიტანა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უკრაინულ ავიაკომპანია Aerosvit-ს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისათვის” 144.5 ათასი ლარის (დაახლოებით 1.5 მლნ გრივნა) დავალიანების გადახდა დაავალა.
2012 წელს Aerosvit-მა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საავიაციო უსაფრთხოების მომსახურების გაწევაზე გააფორმა კონტრაქტი.
„2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე ავიაკომპანიას გაეწია მომსახურეობა, რისი ღირებულებაც მან არ გადაიხადა და ამის გამო ის დაჯარიმდა“, აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, Aerosvit-ი დღეს გაკოტრებულია. ის 1994 წლიდან 2013 წლამდე ფუნქციონირებდა. ავიაკომპანია ბაზირებული იყო და მისი სათაო ოფისი ბორისპოლის აეროპორტში იყო განთავსებული.