უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA კარიბის კუნძულებზე მდებარე დომინიკელთა რესპუბლიკის ელიტარული საზღვაო კურორტის მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს აანონსებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ჩარტერული ფრენების განხორციელება 2018 წლის 25 ოქტომბრიდან დაიწყება და 2019 წლის მაისამდე გასტანს.

ტრანზიტული ფრენები კიევის გავლით განხორციელდება. ავიაბილეთების შეძენა კი ტურისტულ სააგენტოებშია შესაძლებელი, სადაც ტურისტებს ელიტარული კურორტის მიმართულებით სრულყოფილ ტურისტულ პაკეტებს შესთავაზებენ.

დომინიკელთა რესპუბლიკის მიმართულებით ტურისტული პაკეტების გაყიდვა უკვე დაიწყო ტურისტულმა კომპანია Go Tour-მა, სადაც განმარტავენ, რომ 12 დღიანი ტურისტული პაკეტების ღირებულება 3800 ლარიდან იწყება.

„აღნიშნული ტურები ძირითადად მაღალშემოსავლიან ტურისტებზეა გათვლილი და ეს საქართველოსთვის ახალი მიმართულებაა. კარიბის კუნძულებზე მდებარე დომინიკანა ელიტარული საზღვაო კურორტია, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. ექსკურსიების დიდი მრავალფეროვნება, დაწყებული სანტო-დომინგოს ისტორიული ძეგლებიდან და კოლუმბის აკლდამიდან, დამთავრებული ოკეანეში ვეშაპების თვალის დევნებით
მრავალფეროვანი ღამის ცხოვრება და მსოფლიოს ათეულში შესული კლუბები შოუ-პროგრამებით – მართლაც, რომ სასურველი დასასვენებელი ადგილია“, აცხადებს Go Tour-ის გენერალური დირექტორი ნინო წიკლაური.

წიკლაურის ინფორმაციით, დომინიკელთა რესპუბლიკის მიმართულებით გამგზავრების მსურველ ტურისტებს ვიზაც დასჭირდებათ. იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე ფლობენ აშშ-სა და შენგენის ზონის მოქმედ ვიზებს, დომინიკელთა რესპუბლიკის ვიზის აღება ადგილზე შეუძლია, ხოლო ისინი ვინც მსგავს ვიზებს არ ფლობენ, მათ ვიზის აღება ტურისტული სააგენტოების მეშვეობით მოუწევთ, რადგანაც საქართველოში დომინიკელთა რესპუბლიკის საელჩო არ არსებობს და საქართველოს სხვა ქვეყანაში განთავსებული საკონსულო ფარავს.

დომინიკელთა რესპუბლიკა კარიბის ზღვის კუნძულ ჰაიტის აღმოსავლეთ ორ-მესამედზე მდებარე ქვეყანაა, ჰაიტის მეზობლად. დედაქალაქია სანტო-დომინგო. ჰაიტი სიდიდით მეორეა დიდი ანტილის კუნძულებს შორის და მდებარეობს პუერტო-რიკოს დასავლეთითა და კუბისა და იამაიკის აღმოსავლეთით. 1961 წელს, სამხედრო დიქტატორ რაფაელ ლეონიდას ტრუხილიოს გარდაცვალების შემდეგ ქვეყანა წარმომადგენლობით დემოკრატიისკენ იღებს მიმართულებას და მას შემდეგ სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა. დომინიკელები ხშირად საკუთარ ქვეყანას ქისქეიას (Quisqueya) უწოდებენ, სახელი, რომელიც კუნძულს ადგილობრივი ტაინოს ტომის ინდიელებმა შეარქვეს.