2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის 6.7%-ი და იმპორტის 9.6%-ი საჰაერო გადაზიდვებზე მოდის. საგარეო სავაჭრო ბრუნვის გაანალიზების შედეგად ირკვევა, რომ გადაზიდვის საშუალებების მხრივ, ექსპორტში საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვებს მესამე ადგილი უკავია, ხოლო იმპორტში – მეოთხე.

„საქსტატის“ ინფორმაციით,იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 124.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.8 პროცენტით აღემატება. აქედან ექსპორტი 2 448.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 676.7 მლნ. აშშ დოლარს (19.1 პროცენტით მეტი).

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან განხორციელებული ექსპორტის 47.2%-ი საერთაშორისო ბაზრებზე საავტომობილო გზით მოხვდა, 41.9%-ი – საზღვაო ტრანსპორტით, 6.7%-ი – საჰაერო ტრანსპორტით, 3.5%-ი – სარკინიგზო ტრანსპორტით, ხოლო დარჩენილი 0,7%-ი სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით.

რაც შეეხება იმპორტს, მისი ქვეყანაში შემოსვლის გზების არეალი ასეთია:  41.4%-ი – საავტომობილო ტრანსპორტი, 35.7%-ი საზღვაო ტრანსპორტი, 9.8%-ი – სარკინიგზო ტრანსპორტი, 9.6%-ი – საჰაერო ტრანსპორტი, 3.5%-ი დანარჩენი ტრანსპორტი.

Автоматический альтернативный текст отсутствует.