უკრაინა იმ პირველ ქვეყანას ასახელებს, სადაც რეგულარულ ფრენებს აღადგენს. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ვლადისლავ კრიკლის განცხადებით კი ეს პირველი ქვეყანა საქართველოა. როგორც კრიკლიმ facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, უკრაინა რეგულარული ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყანასთან უკვე აწარმოებს.
“უკვე 1 ივლისიდან ვგეგმავთ პირველი რეგულარული რეისის განხორციელებას / საქართველოში. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ რეგიონული აეროპორტების განვითარებას, რადგან ვხვდებით, რომ ყველა საზღვარი ერთ დღეში ვერ გაიხსნება და მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც კარანტინამდე იყო”, დაწერა კრიკლიმ.
უკრაინა-საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისების აღდგენის საკითხზე უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უკვე იმსჯელეს.
„პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და უკრაინას შორის პანდემიამდე ძალიან აქტიური იყო. სამი უკრაინული ავიაკომპანია ასრულებდა რეგულარულ რეისებს ორი ქვეყნის ქალაქებში. შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, რომ ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმისა და პროტოკოლის დაცვით, რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ უსაფრთხო, „მწვანე კორიდორის” შექმნა ჩვენს ქვეყნებს შორის. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ავიაკომპანიებიც გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ ფრენები აღადგინონ,” – განაცხადა ნათია თურნავამ.
აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის ეპიდემიამდე საქართველო-უკრაინას შორის რეგულარულ ფრენებზე 4 ავიაკომპანია ოპერირებდა: ერთი ქართული (Georgian Airways) და 3 უკრაინული (SkyUp Airlines, FlyUIA, YanAir Airlines).
ამ დროისათვის კი უკრანა-საქართველოს შორის ფრენების განახლებაზე ოფიციალური განაცხადი გაკეთებული აქვს SkyUp Airlines-სა და YanAir Airlines-ს.