ალექს ონაცკი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციას (IATA) 2013 წელს შეუერთდა. იგი უკრაინის, საქართველოს და სომხეთის რეგიონალური მენეჯერია. IATA-ში დასაქმებამდე, ონაცკი 11 წელი ამადეუსში, ხოლო 4 წელი უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებში მუშაობდა. რეგიონალური წარმომადგენლის “კლასტერში“ IATA-ს წევრი ავიაკომპანიები Ukraine International Airlines და Georgian Airways შედიან.

როგორია საჰაერო ტრასპორტის მდგომარეობა თქვენი რეგიონის ქვეყნებში და როგორ აისახა COVID 19-ის კრიზისი ავიაციაზე?

ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ავიაცია ამ რეგიონშიც უკიდურესად დაზარალდა. COVID 19-ის პანდემიის გავრცელების საწყისი ეტაპიდანვე, დაუყოვნებლივ დაწესდა მკაცრი სამგზავრო შეზღუდვები უკრაინაში, საქართველოში და სომხეთში. შედეგად, საჰაერო სატრანსპორტო ინდუსტრიის 100%-ი პრაქტიკულად დაიხურა. მინიმალური აქტივობა შენარჩუნებულია, რადგან ავიაკომპანიები განაგრძობენ სარეპატრიაციო და სატვირთო ფრენების შესრულებას. უკრაინაში, მშპ-ს 1.1%-ი იქმნება საჰაერო სტანსპორტის ჩართულობითა და დახმარებით, რისკის ქვეშ დადგა 140 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი. საქართველოსთვის და სომხეთისთვის, გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით ავიაცია სასიცოხლო და სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო დარგია. ავიაცია ტურიზმთან ერთად საქართველოში მშპ-ს 30%-ზე მეტს ქმნის, ხოლო სომხეთისთვის მშპ-ს 14%-ს. აღნიშნული ციფრები თვალსაჩინოდ მიუთითებს შექმნილი პრობლების მასშტაბებს.

როგორ პასუხობენ თქვენი რეგიონის მთავრობები სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს?

მთავრობებმა გამოხატეს ინდუსტრიის დახმარების სურვილი და მოქმედებენ აქტიური თანამშრომლობის რეჟიმში. სამწუხაროდ, აღნიშნულ ხელშემწყობ ზომებს ვერ შევადარებთ უფრო განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნების მიერ გაწეულ მხარდმაჭერ ღონისძიებებს. ვისარგებლებ შემთხვევით და მოვუწოდებ მთავრობებს, რომ საავიაციო ინდუსტრიის „გადატვირთვისთვის“ და ხელახალი ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებები უფრო მაღალ პრიორიტეტად დაისახონ. შემცირებული შემოსავლების კომპენსირების და ლიკვიდობის ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნული ზომები შესაძლოა მოიცავდეს პირდაპირ ფინანსურ დახმარებას, მაგრამ არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ამით. ეს შეიძლება იყოს კრედიტის შეთავაზება, გადასახადების და მოსაკრებლების შემსუბუქება, მათ შორის აეროპორტებისა და სააერნაოსნო მომსახურების გადასახადების შემცირება.

ფინანსური თვალსაზრისით, ჩვენი ინდუსტრიისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ საკითხს ბილეთების თანხის ანაზღაურება წარმოადგენს. როგორი სიტუაციაა ამ მხრივ თქვენს ბაზრებზე?

ვაუჩერის შეთავაზება წარმოადგენს ჩვეულებრივ პრაქტიკას იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩემს „კლასტერს“ ქმნიან. COVID 19-ის პანდემიის საწყისი ეტაპიდან, 2020 წლის მარტის დასაწყისიდან, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები და ჯორჯიან ეარვეისი წარმატებით იყენებენ ციფრულ ვაუჩერს თანხის დაბრუნების სანაცვლოდ, რაც უზრუნველყოფს დამატებით მოქნილობას მათი მგზავრებისთვის. მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ იქნა მიმზიდველი სქემა, ვაუჩერების გაზრდილი ღირებულებით. მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, მგზავრთა უფლებების შესახებ კანონმდებლობაში სპეციალური ცვლილებების შეტანისთვის. ბილეთების ანაზღაურების ნაწილში მოქნილობის დამატებითი მექანიზმის შემოღებამ, ავიაკომპანიებს შესაძლებლობა მისცა აქტიურად გამოეყენებინათ ალტერნატიული მეთოდები. ახალი ნორმები ეხება ყველა ფრენას, რომელიც სრულდება საქართველოდან.

რა მდგომარეობაა თქვენი რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თვალსაზრისით?

ტრანსპორტი და ტურიზმი მნიშვნელოვანი ეკონომიკური საყრდენებია ჩემი რეგიონის ქვეყნებში, განსაკუთრებით საქართველოსა და სომხეთში. Covid 19-ის კუთხით არსებული პოზიტიური დინამიკის გათვალისწინებით, უკრაინის მთავრობამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და საზღვრების გახსნა 15 ივნისისთვის დაანონსა, საქართველომ – 1 ივლისს, ხოლო სომხეთს კონკრეტული თარიღი ჯერ არ შეუტყობინებია.

როგორ შეიძლება უკრაინამ და საქართველომ განავითარონ თავიანთი საჰაერო სატრანსპორტო ინდუსტრიები კრიზისის შემდგომ?

ახლა კარგი მომენტია ინდუსტრიის საერთო სურათის დანახვისთვის, მოვლენების შეფასებისთვის, სამთავრობო პროგრამებში ავიაციის პრიორიტეტიზაციისთვის და არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის. მაგალითად, უკრაინაში საჭიროა ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის (KBP) გენერალური გეგმის შემუშავების დაჩქარება, რეგიონალური აეროპორტების და სატვირთო ტერმინალების განვითარების ხელშეწყობა. საქართველოში მნიშვნელოვანია განიხილონ აეროპორტების გაერთიანების შემდგომი გაფართოება. და ბოლოს, ჩემი რეგიონის ყველა ქვეყანაში, უკიდურესად მნიშვნელოვანია ავიაკომპანიების ხელშეწყობა სხვადასხვა მასტიმულირებელი ღონისძიებებით, რათა თანდათანობით დავუბრუნდეთ პანდემიამდე არსებული მგზართნაკადის რაოდენობას და  საჰაერო მიმოვლის ორნიშნა ზრდის ტემპებს.