117 ქვეყანას შორის, საქართველო ცხოვრების სიიაფით მე-12 ადგილზეა. პორტალ Numbeo-ს რეიტინგში საქართველოს 30.14 ქულა აქვს და ის ადგილს ალჟირსა და ბანგლადეშს შორის იკავებს. შეფასებულ ქვეყნებს შორის ყველაზე იაფი ცხოვრება პაკისტანშია, ყველაზე ძვირი კი შვეიცარიაში.
ვებ-გვერდზე მონაცემების დაჯამება რამდენიმე კრიტერიუმით ხდება, მათ შორის ბინის ქირის, პროდუქტებისა და რესტორნების ღირებულებით. აღსანიშნავია, რომ წინა წლებში საქართველო რამდენჯერმე იაფი ქვეყნების ათეულში მოხვედრილა. მაგალითად, 2017 წელს მე-5 ადგილზე იყო.
საიტის კიდევ ერთ განყოფილებაში მსოფლიოს 440 ქალაქში არსებული ფასებია შედარებული. ამ შემთხვევაში თბილისი სიიაფით 51-ე ადგილზეა- კოლუმბიის მედელინსა და რუსეთის კრასნოდარს შორის.