2022 წელს საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2022 წლის განმავლობაში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 4 191,245 ტონა ტვირთი გადაზიდა.

საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი. იანვარ-დეკემბერში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 2 361,610 ტონა ტვირთს მოემსახურა.

ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, ახალი ქართული სატვირთო კომპანია Georgian Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 2022 წლის განმავლობაში 1 831,164 ტონა ტვირთი გაატარა.

12 თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ჩარტერული ავიაკომპანია FlyPRO, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 688,253 ტონა ტვირთი გადაზიდა.

რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ესპანური ავიაგადამზიდავი Swiftair-ი, რომელიც 2022 წლის განმავლობაში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 486,334 ტონა ტვირთს მოემსახურა.

მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:

Turkish Cargo;

Cargolux Airlines;

Georgian Airlines;

FlyPRO;

Swiftair.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს 2021 წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 2,18%-ით შემცირდა.
2022 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 17 974,852 ტონა შეადგინა, 2021 წლის განმავლობაში კი 18 376,172ტონა.
2022 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის განმავლობაში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 27,52%-ია. 2019 წელს აეროპორტი 24 800,741 ტონა ტვირთს მოემსახურა.
2020 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 20 052,940 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წელს 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 10,36%-იანი კლება დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.