საქართველომ დიდი ბრიტანეთთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლის რატიფიცირებაზეც ახლა უკვე საკანონმდებლო ორგანოში მუშაობენ.
საჰაერო მიმოსვლის შეთანხმების მიხედვით, ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც განხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. ასევე, შეთანხმების პროექტით დარეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება, უფლებების მინიჭება, ავიაგადამზიდველების დანიშვნა, ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება, ავიაკომპანიების მიერ ერთობლივი კოდების გამოყენება და ა.შ.
აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას თავისუფალი კონკურენციის ამაღლებას სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას.
საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები გაფორმებული აქვს მრავალ პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის. კატართან, ისრაელთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ბელარუსთან, ინდოეთთან, ბაჰრეინთან, ჩინეთთან, კორეის რესპუბლიკასთან და ა.შ
აღსანიშნავია, რომ იანვარში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ავიაციის, საზღვაო და უსაფრთხოების მინისტრმა, ბარონესა ვერემ ლონდონში ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას. დოკუმენტი უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდის ფარგლებში გაფორმდა.
„აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, თავისუფალი კონკურენციის ამაღლებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას“ – აღნიშნა გენადი არველაძემ.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ორმხრივად გაფორმების საჭიროება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დადგა.