საქართველო და საუდის არაბეთი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებენ. დაგეგმილია ასევე მხარეებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაც.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის პრეზიდენტთან, პრინც სულთან ბინ სალმანთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისათვის არსებულ დიდ პოტენციალს. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში საუდის არაბეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვის ზრდის ტენდენციას.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის თაობაზე.
საგულისხმოა, რომ მეფის განკარგულების თანახმად, საუდის არაბეთის მინისტრთა კაბინეტმა უფლებამოსილება მიანიჭა ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის პრეზიდენტს საქართველოს მხარესთან (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) განიხილოს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი მისი შემდგომი ხელმოწერის მიზნით.