საქართველო ავიაკომპანიების საჰაერო ხომალდების ტექნიკური დაშვებებისათვის ერთ-ერთ მიმზიდველ ცენტრად ყალიბდება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე განმარტავს, ქვეყანამ შესაბამისი პროტოკოლი უკვე შეიმუშავა.

“თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიზარდა მოთხოვნა “ტექ სტოპებზე”, რომელიც ითვალისწინებს ეკიპაჟის დასვენების სერვისის მოწყობას. ამაში საკუთარი წვლილი შეიტანა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ. იყო კონსულტაციები და განხილვები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, Tav Georga-სთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ შევქმენით ახალი. ე.წ. პროტოკოლი რა დროსაც შესაძლებლობას ვაძლევთ სამომავლოდ დავაინტერესოთ სატვირთო კომპანიები რომ ჩვენთან მოიკიდონ ფეხი და დამკვიდრდნენ. არის პროტოკოლი შემუშავებული რა დროსაც კონკრეტულ კომპანიებს ეძლევათ ეს მომსახურება. საზღვარზე ეკიპაჟის წევრების გადმოსვლა არ არის შეზღუდული, ეს ასახულია მთავრობის შესაბამის დადგენილებაში. საზღვარზე შემოსვლის და სქრინინგის შემდეგ საშუალება ეძლევათ, რომ კონკრეტული სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით გადაადგილდნენ, რომელიც დაშვებულია ამ საქმიანობაზე, არის კონკრეტული სასტუმრო, რომელიც საკარანტინე სივრცედაა გამოყოფილი და მხოლოდ ეკიპაჟის წევრების დასასვენებლად გამოიყენება. ამ მხრივ რეგიონში ერთ-ერთი მოწინავეები ვართ. ეს არ არის ნათელი შუქი გვირაბის ბოლოს, მაგრამ პოზიტიური ელემენტია”,- განაცხადა ლევან კარანაძემ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე “კორონავირუსი vs ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებელობები”.