COVID-19-ის პანდემიამ საჰაერო ხომალდების ფასები შემცირებისკენ დააკორექტირა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე განმარტავს, კრიზისმა დაარტყა, როგორც მთლიანად სექტორს, ასევე მის ყველა შემადგენელ დარგს, მათ შორის სალიზინგო კომპანიებს. 
“მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასები კატასტროფულად არის შემცირებული, რაც ავიაკომპანიებისთვის საკმაოდ კარგი იქნება. ასევე შემცირებულია საჰაერო ხომალდების ფასები. საჰაერო ხომალდებზე ფასების ვარდნა დაფიქსირდა ასევე 2011 წლის ტერაქტების და 2013 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგაც. COVID-19-ის პანდემიამ დარტყმა მიაყენა მთლიანად საავიაციო სექტორს და აქედან გამომდინარე დარტყმა მიიღო სალიზინგო კომპანიებმაც. შესაბამისად საჰაერო ხომალდებზე ფასები იქნება აბსოლიტურად განსხვავებული”, –  განაცხადა ლევან კარანაძემ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე “კორონავირუსი vs ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებელობები”.

ლევან კარანაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის პანდემიის ფონზე ავიაციაზე უპრეცენდენტო დარტყმა განხორციელდა.

“აქამდე მსგავს დარტყმას კომერციული ავიაცია არ შეჯახებია. არც ერთი ფუნქცია ჩვენი მხრიდან არ არის შეზღუდული. თანმიმდევრული და სწორი ნაბიჯების გამო, იმის გამო რომ პროფესიონალები არიან ჩართულები COVID-19-თან ბრძოლაში, გადაწყვეტილებები იქნა დროულად მიღებული. იყო კრიტიკა იმაზე თუ რატომ ვზღუდავდით ფრენებს, მაგრამ სიტუაციის ანალიზი ცხადყოფდა იმას, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი იყო. 

ლევან კარანაძის ინფორმაციით, საქართველოში, თებერვლის მდგომარეობით 33 ავიაკომპანია 69 მიმართულებით ოპერირებდა. ასევე 3 სატვირთო კომპანია 3 რეგულარული მიმართულებით. 

როგორც კარანაძე განმარტავს, ახლა ეს მონაცემები განულებულია, გარდა სატვირთო რეისებისა. 

“დაახლოებით 3200 რეისი არის გაუქმებული თებერვლიდან აპრილის ბოლომდე. ანუ ეს არის შესაბამისად, ვერ მიღებული შემოსავალი და ტურისტი” – განმარტავს კარანაძე.

რაც შეეხება რეისების აღდგენას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ამის თაობაზე გადაწყვეტილებები ქვეყნებმა კოორდინირებულად უნდა მიიღონ. 

“საქართველომ რომც გახსნას საზღვრები და სხვა ქვეყნების საზღვრები ჩაკეტილი იყოს, ეს შედეგს ვერ მოიტანს. ამიტომ პროცესები უნდა მოხდეს ეტაპობრივად” – აცხადებს კარანაძე.