საქართველო 2025 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან 6.6 მლრდ დოლარის შემოსავალს ელოდება. აღნიშნულის შესახებ საუბარია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის „ტურიზმის სტრატეგია 2025“-ში. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2018 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.2 მლრდ დოლარი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებლები უნდა გაორმაგდეს.

როგორც დაანონსდა, ამიერიდან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქცენტს მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვაზე გააკეთებს. შესაბამისად „ტურიზმის სტრატეგია 2025“-ში წერია, რომ 2025 წლისთვის ვიზიტორების საშუალო დანახარჯი 600 დოლარი იქნება. გასული წლის მონაცემებით კი აღნიშნული მაჩვენებელი 370 დოლარი იყო.

თუ კი 2018 წლისთვის საერთაშორისო ვიზიტორის საქართველოში გაჩერების საშუალო ხანგრძლივობა 5.5 დღე იყო, 2025 წლისთვის მაჩვენებელი 7 დღემდე უნდა გაიზარდოს.

არსებული გაანგარიშებით, 2025 წლისთვის საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 11  მლნ ვიზიტი უნდა შეადგინოს, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 7 მლნ 451 ათას 230 ვიზიტი იყო. რაც შეეხება მშპ-ში ტურიზმის წილს, 2018 წელს (3 კვარტლის მონაცემებით) 7.6%-ი იყო, ხოლო 2025 წლის გეგმით ტურიზმის წილმა ეკონომიკაში 7.9%-ს უნდა მიაღწიოს.

„ტურიზმის სტრატეგია 2025“-ის მიხედვით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ტურიზმსა და სხვა მომიჯნავე სექტორებში 1 მლრდ 178 მლნ დოლარი უნდა შეადგინოს. 2018 წლის ფაქტი კი  837 მლნ დოლარია.