საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციას“ 17 ახალი ავიამეთვალყურე შეემატება. საქაერონავიგაცია ახალი კადრების დამატების აუცილებლობის წინაშე საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდის და საჰაერო სივრცის დატვირთვის მატების გამო დადგა. პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა სრულიად აღდგა და 66%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, აქედან კი თითქმის გაორმაგებულია (96%) საქართველოს საჰაერო სივრცის სატრანზიტო დერეფნად გამოყენების რაოდენობა.
საქაერონავიგაციას ესპანური კომპანია “INDRA”-ს წარმოების მართვის ახალმა სისტემამ მისცა შესაძლებლობა, არსებული ორსექტორიანი სივრციდან ოთხსექტორიან სივრცეზე გადასულიყო და კიდევ უფრო გაეზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობა. ბოლო წლებში საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვის ზრდის პარალელურად იზრდება ახალი კადრების დამატების აუცილებლობაც.
შპს “საქაერონავიგაცია” თავად ზრუნავს ახალი კადრების აყვანასა და მათ მომზადებაზე. კონკურსის დაწყების პარალელურად გამოცხადდა ღია საერთაშორისო ტენდერი, სადაც გამარჯვებული საავიაციო სასწავლებელი სხვა ვალდებულებებთან ერთად აიღებს პასუხისმგებლობას კადრების ობიექტურ შერჩევაზეც. კონკურსი მათი უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდება – აპლიკანტები ჩააბარებენ გამოცდას ინგლისურ ენაში, ორ ეტაპად გაივლიან ტესტირებას და ექნებათ გასაუბრება გამარჯვებული სასწავლებლის წარმომადგენლებთან. კონკურსში გამარჯვებულები საზღვარგარეთ სასწავლებლად 6 თვის ვადით გაემგზავრებიან. მათი სწავლების და ცხოვრების ხარჯებს სრულად აანაზღაურებს საქაერონავიგაცია. სწავლების პერიოდში ისინი ავტომატურად გახდებიან საქაერონავიგაციის თანამშრომლები, ისარგებლებენ კომპანიის სოციალური პაკეტით და ექნებათ დანიშნული ხელფასი.
ავიამეთვალურეებს საქაერონავიგაცია უკვე მრავალი წელია კონკურსის მეთოდით არჩევს, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს შანსი, დაეუფლოს ახალ პროფესიას და დასაქმდეს ყველაზე მდგრად და სტაბილურ კომპანიაში. მსგავსი შერჩევის წესით 2015-2023 წლებში საქაერონავიგაციას 54 ავიამეთვალყურე შეემატა, რომლებმაც სწავლება ევროპულ საავიაციო უნივერსიტეტებში გაიარეს და დღეს უკვე წარმატებით არიან ჩართულები საქაერონავიგაციის უმთავრესი მისიის – საჰაერო ხომალდების უსაფრთხო გადაადგილების ორგანიზების პროცესში.
კონკურსანტების შერჩევის პროცესი რთულია, მაგრამ სამართლიანი, აქ ნებისმიერ ახალგაზრდას ექნება საშუალება, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ცოდნით და უნარებით დაეუფლოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ, საპასუხისმგებლო და ამავდროულად, მაღალანაზღაურებად პროფესიას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქაერონავიგაციის ვებ-გვერდს: