საქაერონავიგაცია კიდევ ერთ შვეულმფრენს შეიძენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას GBC-ი ავრცელებს.
კომპანიამ 2.5 მლნ ევროს გამარტივებული შესყიდვა უკვე ითხოვა.
შვეულმფრენი აღჭურვილი იქნება 121,500 მჰც და 123,100 მჰც სიხშირეებზე მომუშავე „მიწა=ჰაერის“ ტიპის რადიოსადგურებით. აღნიშნული შვეულმფრენები ძებნა-შველის სტანდარტულ ფუნქციებთან ერთად შეასრულებენ რადიო-ტრანსლატორების როლს საჰაერო ხომალდის კატასტროფის ადგილსა და ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრს შორის რადიო კავშირის დასამყარებლად.
კომპანიის ცნობით, „საქაერონავიგაცია“ მასზე დაკისრებულ ფუნქციას ახორციელებს უახლესი სანავიგაციო სისტემების მეშვეობით, თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება მულტილატირაციული სისტემის შესყიდვა, რომელიც ასევე უნდა განთავსდეს საქართველოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის გუდაურისა და ბაკურიანის ალპურ ზონაში.
საქართველოს რთული გეოგრაფიული რელიეფის გამო, ზოგ შემთხვევაში რთულდება კომპანიის ობიექტებთან მიღწევა და მათი ოპერატიული მომსახურება, მით უფრო თუ აღნიშნულ გარემოებას თან ერთვის არახელსაყრელი კლიმატური პირობები… დამატებითი ერთეული შვეულმფრენი, როდესაც ადგილი აქვს შპს „საქაერონავიგაციის“ საკუთრებაში მყოფი შვეულმფრენის გეგმიურ ტექნიკურ მომსახურებას ან ძებნა-შველის სტანდარტული ფუნქციების შესრულებას შესაძლებლობას მისცემს საწარმოს ყოველგვარი შეფერხებების გარეშე განახორციელოს არსებული სისტემების ოპერატიული მომსახურება”, – აღნიშნულია კომპანიის დოკუმენტაციაში.