საქაერონავიგაცია ვაზიანში, ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის საჭირო კვლევებს იწყებს. სახელმწიფო კომპანიამ 230 500 ევრო ღირებულების გამარტივებულ შესყიდვაზე შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში მითითებული არ არის ვისთან გაფორმდება ხელშეკრულება და ვინ განახორციელებს ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის წინასწარ კვლევებს.

ირკვევა, რომ კვლების შედეგები მზად ხელშეკრულების გაფორმებიდან 7-8 თვეში უნდა იყოს. კომპანია, რომელთანაც გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდება ვალდებულია:

ა) ვაზიანის აეროდრომის სახელსაწყო ფრენის პროცედურების და საჰაერო სივრცის საკვანძო სამეთვალყურეო რაიონის (TMA), სამეთვალყურეო არეს (CTR) დაპროექტება/შემუშავება და სამომავლო ადზ-ს განლაგების (ორიენტაციის) შემოთავაზება ეფექტურობისა და გამტარუნარიანობის საუკეთესო შედეგების მისაღწევად;

ბ) სანავიგაციო ტექნიკური საშუალებების შესაბამისი მდებარეობის დადგენა;

გ) დაბრკოლებების კვლევა პროცედურების სწორი და უსაფრთხო დიზაინის
უზრუნველსაყოფად.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაგეგმილი ღონისძიება ატარებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს, რადგან საქმე ეხება, ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობას, კერძოდ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისს №1054 შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ ვაზიანის აეროდრომისა და მისი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და გაფართოების მიზნით განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ განკარგულების 1 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და შპს „საქაერონავიგაციას“ დაევალა ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისთვის წინასწარი კვლევების ჩატარება, კვლევების შესაბამისად მისი ინფრასტრუქტურის დაპროექტების, დაგეგმვის, მშენებლობის, სათანადოდ აღჭურვისა და ოპერირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ზემოთქმულის შესაბამისად შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ, (შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“-თან კოორდინაციაში), პირველ ეტაპზე დაიგეგმა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მოფრენა-გაფრენის პროცედურების წინასწარი სქემების შემუშავებისათვის ხელოვნური და ბუნებრივი დაბრკოლებების მონაცემების განსაზღვრის და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მონაცემების (განლაგების/ორიენტაციის) განსაზღვრის შესახებ გასატარებელი ღონისძიებები. აღნიშნული პროექტის განხორციელება დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოების განხორციელების ვადებზე, რაც პირდაპირ კავშირშია ამ სფეროში ბაზარზე არსებული მიმწოდებელი კომპანიების საქმიანობის სპეციფიკასთან. ამასთან საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია აღნიშნული პროექტები განხორციელდეს პარალელულ რეჟიმში, სხვა უწყებებთან (რომლებიც ჩართულნი არიან აღნიშნულ საქმიანობაში) სრულ კოორდინაციაში და სინქრონიზაციაში, რაც ითვალისწინებს დაგეგმილი სამუშაოების თითოეული ეტაპის შეზღუდულ ვადებში შესრულებას და თანამიმდევრულობას, რათა სრულად იქნეს დაცული პროექტირების მნიშვნელოვანი ეტაპების შესრულების რიგითობა. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო ავიაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რეგულირებად და სწრაფად განვითარებად სფეროს მსოფლიოში, შპს საქაერონავიგაცია ვალდებულია შეესაბამებოდეს სფეროში არსებულ რეგულაციებს და დანერგოს შესაბამისი პროცესები და პროცედურები, რაც თავის მხრივ მოითხოვს სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობის შეზღუდულ ვადებში კოორდინაციას, რის მიღწევაც მიმდინარე პროექტის განხორციელებისას გამარტივებული შესყიდვის გარეშე ყოვლად შეუძლებელია.