თურქეთში დაახლოებით 40 000 მღვიმეა, აქედან 1100, რომელთა უმეტესი ნაწილიც ტავრის, ანუ ტოროსის მთების სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, სრულად იქნა გამოკვლეული მეცნიერების მიერ.
აღსანიშნავია 16 კილომეტრიანი ფინაროზუ (Pinarözü mağarası), რომელიც თურქეთში ყველაზე გრძელ გამოქვაბულად ითვლება. იგი ბეიშეჰირის ტბის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქვეყანაში ყველაზე ღრმა მღვიმეს კი ჩუქურფინარის (Çukurpinar) მთიანეთში ნახავთ, რომლის სიღრმეც 1880 მეტრს შეადგენს.
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ტურისტებისთვის მხოლოდ 50 მღვიმე არის ღია და ხელმისაწვდომი.
დამლათაშის მღვიმე, ალანია (Damlataş mağarası, Alaniya)
ქალაქ ანტალიის ალანიას რაიონში მდებარეობს დამლათაშის გამოქვაბული. ეს არის პირველი მღვიმე, რომელიც ტურისტებისთვის გაიხსნა ქვეყანაში. როგორც ექსპერტები ამბობენ, იგი თურქეთში თხუთმეტი ათასი წლის წინ ჩამოყალიბდა. მღვიმე ჟანგბადის დიდი რაოდენობითა და ტენიანობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ამიტომ, ითვლება, რომ ეს ტერიტორია კარგია რესპირატორული დაავადებების, განსაკუთრებით ასთმის მქონე ადამიანებისთვის.
ინსუიუს მღვიმე, ბურდური (Insuyu Mağarası, Burdur)
აღსანიშნავია ინსუიუ, რომელსაც ინსუ, ანუ წყლის გამოქვაბული ჰქვია. იგი ტურისტებისთვის ღიაა ყოველთვის და კარგადაც არის აღჭურვილი მოაჯირებით, განათებებითა და მუსიკებით.
კარაინის მღვიმე, ანტალია (Karain Mağarası, Antalya)
კარაინი, რომელიც მდებარეობს ანტალიაში ზღვის დონიდან 430-450 მეტრზე, ითვლება თურქეთის უდიდეს და ბუნებრივად წარმოქმნილ მღვიმედ. ეს არის ადგილი, სადაც ნახავთ ფლორისა და ფაუნის მრავალ სახეობასა და უძველესი ადამიანების ნაშთებს. იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაშია შეყვანილი. აღსანიშნავია, რომ გამოქვაბულში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს იარაღები, მძივები და ცხოველთა ნაშთები, რომლებიცაა მაგალითად, სპილოები, მარტორქები და სხვ. ვისაც აინტერესებს, სად ცხოვრობდნენ თურქთა წინაპრები ხუთასი ათასი წლის წინ, აუცილებლად უნდა ეწვიოს კარაინის საოცარ გამოქვაბულს.
ოილათის გამოქვაბული, ბურსა (Oylat Mağarası, Bursa)
ოილათის მღვიმე მდებარეობს ბურსას ცენტრიდან დაახლოებით 75 კილომეტრში. იგი 3000 წლის წინ შეიქმნა ბურსას ინეგოლის რაიონში. ოილათი სიდიდით მეორე გამოქვაბულია თურქეთში, მისი სიგრძე კი 665 მეტრს შეადგენს. აღნიშნული მღვიმე ათასობით წლისაა და ცნობილია სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით.
ჩალის მღვიმე, ტრაპიზონი (Çal mağarası, Trabzon)
ჩალის მღვიმე მდებარეობს ტრაპიზონში და იგი მსოფლიოში ითვლება მეორე ყველაზე გრძელ მღვიმედ. მისი სიგრძე 8 კილომეტრს შეადგენს, თუმცა ტურისტებისთვის მხოლოდ 1 კილომეტრზე შესვლაა შესაძლებელი.
მღვიმეში შესვლისას ფართო სივრცე დაგხვდებათ, თუმცა სიარულისას გზადაგზა მღვიმის სიგანე მუდმივად შეიცვლება, რაც უფრო მეტად გაგაოცებთ.