ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის ავტორიზაციას იწყებს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ავტორიზაცია საქართველოს საჰაერო სივრცეში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებით განხორციელებული ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით ხდება. ნორმატიულ აქტს „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ავტორიზაციის და საფრენოსნო ექსპლუატაციის წესი“ ჯერ კიდევ პროექტის სახე აქვს და ის ოპერატორებს გასაცნობად და მოსაზრებების ჩამოსაყალიბებლად უკვე გადაეგზავნათ. ნორმატიული აქტი მგზავრებისა და მესამე პირების სავალდებულო დაზღვევას ითვალისწინებს. აღნიშნულმა კომპონენტმა კი შესაძლოა ავიაბილეთების გაძვირება გამოიწვიოს.
“წარმოდგენილი წესის პროექტის მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებით განხორციელებული ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მგზავრთა უფლებების დაცვა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ავტორიზაციის, საფრენოსნო ექსპლუატაციის და სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნების დადგენის გზით.
ნორმატიული აქტი კრძალავს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის კომერციული მიზნით ექსპლუატაციას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავტორიზაციის შედეგად გაცემული სერტიფიკატის (UOC – ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ავტორიზაციის სერტიფიკატი) ფლობის გარეშე. ამასთან, ექსპლუატანტი უფლებამოსილი იქნება განახორციელოს საფრენოსნო ექსპლუატაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება სააგენტოს დირექტორის №95 ბრძანების ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესი’’-ის შესაბამისად განსაზღვრული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (სადაზღვევო პოლისი) მგზავრისა და მესამე პირის მიმართ.
? ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის შენარჩუნება რეგისტრაციის სახელმწიფოს მოთხოვნების შესაბამისად.
? ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ პირი, რომელიც დანიშნულია საფრენოსნო ეკიპაჟის წევრად ფლობს პილოტის მოქმედ მოწმობას და ოსტატობას შესაბამისი კატეგორიის ზემსუბუქ საჰაერო ხომალდზე, აგრეთვე ფლობს მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს და გავლილი აქვს ყველა შესაბამისი სწავლება.
? ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ საფრენოსნო ექსპლუატაცია განხორციელდება აეროდრომიდან ან საფრენი მოედნიდან რომლის ფიზიკური მახასიათებლები, დაბრკოლებისაგან შემზღუდავი ზედაპირები და ვიზუალური დამხმარე საშუალებები უზრუნველყოფს ზსხ-ის უსაფრთხო ექსპლუატაციას.
? ავტორიზაცია გაიცემა და მოქმედების ვადა გაგრძელდება 12 თვის ვადით. სერტიფიკატი (UOC) ძალაშია მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე ან სააგენტოს მიერ მის შეჩერებამდე ან გაუქმებამდე.
წესის მოქმედება არ გავრცელდება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაზე, რომელიც მოიცავს ფრენას პირადი მიზნებისთვის, სპორტულ და ფიგურულ ფრენებს (ავიაშოუ) ასევე, სამეცნიერო და ექსპერიმენტალურ ფრენებს.
ნორმატიული აქტის პროექტი შემუშავებულია დიდი ბრიტანეთის და სხვა სახელმწიფოების საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით”, განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
ცნობისათვის: ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი (ზსხ) არის საჰაერო ხომალდი არაუმეტეს 2 სავარძლით, არაუმეტეს 600 კგ მაქსიმალური ასაფრენი მასით ხმელეთიდან და 650 კგ მაქსიმალური ასაფრენი მასით წყლის ზედაპირიდან ოპერირებისას;