თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული რეისებით 3 სატვირთო ავიაკომპანიას ემსახურება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით სატვირთო რეგულარული ავიარეისები კვირაში 7 სიხშირით ხორციელდება. რეისებს კი ასრულებენ სატვირთო ავიაკომპანიები: თურქული Turkish Cargo, ლუქსემბურგული Cargolux-ი და აზერბაიჯანული Silk Way Airlines-ი.

ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში, განრიგის მიხედვით, ყველაზე მეტ რეგულარულ სატვირთო რეისს Silk Way Airlines-ი ასრულებს, კვირაში 3 სიხშირე. ხოლო რაც შეეხება Turkish Cargo-სა და Cargolux-ს ისინი საქართველოს მიმართულებით კვირაში ორ-ორი სიხშირით დაფრინავენ.

რაც შეეხება ჩარტერულ რეისებს, თილისისი საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებენ შემდეგი ავიაკომპანიები: YUZHMASHAVIA, RUBY STAR-ი, ETIHAD AIRWAYS-ი, JUPITER JET-ი.

2018 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით შარშან  250 რეგულარული და ჩარტერული რეისი განხორციელდა, ხოლო 2019 წლის იანვარ-მაისში კი 259 რეგულარული და ჩარტერული რეისი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო რეისებით გადაზიდული ტვირთის ოდენობა მცირდება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წელს აეროპორტის მეშვეობით 25,511 ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 19.58%-ით ნაკლებია 2017 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. 2017 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტით 31,724 ტონა ტვირთის გატარება მოხდა, ხოლო 2016 წელს კი 34,065 ტონა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთების გადაზიდვას მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება, რადგანაც სწორედ ამ აეროპორტში შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, იქ სატვირთო ტერმინალის მშენებლობა სამომავლოდ განიხილება.