სამედიცინო, სამკურნალო ტურიზმი ერთ-ერთი ასეთი ტურისტული პროდუქტია, რომლითაც მსოფლიო ინტერესდება, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წყალტუბოში, დაგეგმილ საინვესტიციო პროექტთან – „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ დაკავშირებით. როგორც ჯანიაშვილი განმარტავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია სრულად იქნეს ათვისებული ქვეყნის ტურისტული პოტენციალი და ამ მხრივ წყალტუბოს უნიკალური შესაძლებლობების ათვისებას დიდი ყურადღება დაეთმობა. რადგანაც კურორტი კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვას შეძლებს.
„ჩვენი მიზანია სრულად გამოვიყენოთ ქვეყნის ტურისტული პოტენციალი და ყველაზე კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების განვითარებას ხელი შევუწყოთ. სამედიცინო, სამკურნალო ტურიზმი ერთ-ერთი ასეთი ტურისტული პროდუქტია, რომლითაც მსოფლიო ინტერესდება, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია წყალტუბოს უნიკალური შესაძლებლობები სრულად იქნას ათვისებული. ეს კურორტი თავისი უნიკალური მდებარეობიდან, ბუნებრივი, სამკურნალო რესურსებიდან გამომდინარე განვითარების შემთხვევაში აუცილებლად შეძლებს კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვას, რაც თავისთავად აისახება შემოსავლებში და ეს ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის” პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ცნობილია, რომ პროექტის განხორციელება ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების დაცვით მოხდება, როგორიცაა კურორტის იდენტობისა და ავთენტურობის შენარჩუნება, მდგრადი განვითარება, საერთაშორისო მნიშვნელობის შეძენა და საცხოვრებლად მიმზიდველ ადგილად გადაქცევა.
პროექტი ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური, თანამედროვე სპა კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის ჩამოყალიბებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საჯარო სივრცის რეაბილიტაციას.
წყალტუბო დამსვენებლებს შესთავაზებს არა მხოლოდ უნიკალურ თერმულ წყლებს, არამედ უმაღლესი ხარისხის დასვენებას, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოს, ბუნების ძეგლებს, რითაც ცნობილია არა მხოლოდ წყალტუბო და იმერეთი, არამედ მთელი საქართველო.
წყალტუბოს მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას.