სალდა არის ყველაზე ღრმა ტბა თურქეთის მტკნარი წყლის ტბებს შორის, რომლის სიღრმეც 185 მეტრს შეადგენს. იგი ზღვის დონიდან 1193 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ნახვა შესაძლებელია ბურდურის პროვინციის იეშილოვას რაიონში.
სალდას ტბა ცნობილია, როგორც „თურქეთის მალდივები“ თავისი თეთრი ქვიშითა და ლურჯი ზღვით. მართლაც, თუ სალდას ტბისა და მალდივის ფოტოს გვერდიგვერდ დააყენებთ, ერთმანეთისგან მათი გარჩევა ძალიან გაგიჭირდებათ. უნდა აღვნიშნოთ, რომ მის ნაპირზე ქვიშის ან პატარა კენჭების თეთრი ფერი განპირობებულია ჰიდრომაგნიზიტის შემცველი წყლის სპეციალური ქიმიური შემადგენლობით. ანუ, სწორედ აქ არსებული მაგნიუმი უწყობს ხელს იმ თეთრი ქვიშის წარმოქმნას, რომელიც ამ ტბაში არსებობს და რომელსაც ადამიანები თვალს ვერ აშორებენ.
სალდას ტბა ტექტონიკური წარმოშობისაა და იგი 2 მილიონი წლის წინ მიწისძვრების შედეგად ჩამოყალიბდა. საგულისხმოა, რომ ტბის დონემ ბოლო 20 წლის განმავლობაში 3-4 მეტრით დაიკლო და როგორც ამბობენ, იგი ახლაც იკლებს ნელ-ნელა.

სალდა, როგორც სამკურნალო თვისებებით გამორჩეული ტბა
გაირკვა, რომ სალდა გამოირჩევა სამკურნალო თვისებებითაც. ამ ტბის სანაპიროებზე არის ბუნებრივი სამკურნალო ტალახი, რომელიც ეფექტურია კანის ზოგიერთი დაავადების წინააღმდეგ, როგორიცაა მაგალითად, აკნე, სოკო და სხვ. ამიტომ აღნიშნულ ტბას შეუძლია ადამიანებს გარკვეულწილად შეუმსუბუქოს კანის და მასთან დაკავშირებული სხვა დაავადებები.
აშშ–ს აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) აცხადებს, რომ თურქეთის ყველაზე ღრმა, მტკნარწყლიანი და მრავალი თვისებით გამორჩეული ტბა არის სალდა. მისი სოციალური მედიის ანგარიშიდან გავრცელდა მესიჯი, რომელშიც ნათქვამია: “სალდას ტბას, რომელიც მდებარეობს თურქეთში, გეოლოგიური მსგავსება აქვს მარსზე ჯეზეროს კრატერთან“. ასევე შოტლანდიის გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორმა, მაიკ რასელმა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში იკვლევდა სალდას ტბას, თქვა, რომ დედამიწაზე მხოლოდ ორი ადგილი არსებობს მარსის ზედაპირის მახასიათებლებით, ერთი ჩრდილოეთ კანადაში, მეორე კი, სალდას ტბაში მდებარეობს. იგი ხსნის, რომ ამ ტბაში არსებული მაგნიუმის თეთრი ქანები მარსზეც არის ნაპოვნი და სწორედ ამიტომ გამოირჩევა ის მარსის ზედაპირის მახასიათებლით.
საბოლოოდ, სალდა თავისი თვისებებით არის მრავალმხრივ საინტერესო ტბა, რომელსაც წარმოუდგენელი სილამაზე და უნიკალური სასარგებლო თვისებები გააჩნია.