მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საკარანტინო ზონების მოწყობის 5 თვიანი პერიოდი შეაჯამა. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით პროექტის განხორციელებით ვირუსის პრევენციასთან ერთად ტურიზმის ინდუსტრიაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა შეინარჩუნა სამუშაო ადგილი.
„დღეს სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ 10 მარტიდან დაახლოებით 50-ათასამდე ადამიანს ვუმასპინძლეთ საკარანტინო სივრცეებში. სხვადასხვა უწყებების დახმარებით შევეცადეთ მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა მოქალაქეებისთვის. დღევანდელი მონაცემებით, პროექტში ჩართული გვყავდა 144-მდე სასტუმრო. ეს ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში, მუდმივად დასაქმებული იყო 3300-ზე მეტი ადამიანი. სახელმწიფომ სასტუმროებთან ათი ათასამდე ოთახის გამოსაყენებლად კონტრაქტი გააფორმა, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის სასტუმროებისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა, რადგან პანდემიის მწვავე პერიოდში სასტუმრო ინდუსტრია რეალურად გაჩერებული იყო.
აღსანიშნავია, რომ 144 სასტუმროდან, აბსოლუტური უმრავლესობა არის მცირე და საშუალო ზომის. დაახლოებით 70-მდე არის მცირე ზომის, რომელთა ოთახების რაოდენობა არ აღემატება 40 ოთახს. ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც შიდა ტურიზმთან ერთად სასტუმროებს კვლავ სჭირდებათ ხელშეწყობა და დახმარება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარანტინის პროექტი თავისი შინაარსით ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას და პრევენციას ემსახურება, მაგრამ ამავდროულად ძალიან ამაყები ვართ, რომ კერძო სექტორთან ერთად შევძელით, რომ ამ რაოდენობის სასტუმრო ჩართულიყო ამ პროექტში და ამდენი ადამიანი დასაქმებულიყო. ეს პროექტი გრძელდება, ჩვენ ვართ გამჭვირვალე ამ პროცესში და დღესაც ვაგრძელებთ ახალი კონტრაქტების გაფორმებას სასტუმროებთან.
მოვუწოდებ სასტუმროებს, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, განსაკუთრებით მათ ვისაც დახურული აქვს სასტუმრო, სახელმწიფო მზად არის თანამშრომლობისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ იმ მინიმალურ კრიტერიუმებს, რაც საჭიროა კარანტინის მოსაწყობად. ერთიანი თანამშრომლობით შევძლებთ დავასაქმოთ უფრო მეტი ადამიანი და სასტუმროებს საშუალებას მივცემთ რომ ჰქონდეთ შემოსავალი, რომ საქართველოში მეტი დასაქმებული იყოს.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.