საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ინდოეთში საქართველოს ელჩის არჩილ ძულიაშვილის დახმარებით მოხერხდა გამონაკლისის დაშვება და კომპანია “ელ-ვიქტორ ქრუ მენეჯმენტი”-ს გემის ქართული ეკიპაჟი ისევ სრულად ქართველი მეზღვაურებით შეიცვალა.

“ხაზგასმით აღვნიშნავ ჩვენი ელჩების გულისხმიერებას და ჩართულობის მაღალ დონეს მეზღვაურთა როტაციის პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთს დაშვებული აქვს მეზღვაურთა შეცვლა თავის ტერიტორიაზე, საკარანტინე სივრცეების გადატვირთვისა და ფრენების გადადების გამო ეკიპაჟის წევრების როტაცია რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა და სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობის შემდეგ გახდა შესაძლებელი ჩვენი 34 მეზღვაურის შეცვლა. როტაციის პროცესი მთავრობის დახმარებით წარმატებით გრძელდება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ პანდემიის ფონზე შევძელით შეგვექმნა მოთხოვნა ქართველ მეზღვაურებზე და დღეს ისინი ისეთ პოზიციებზე საქმდებიან, სადაც ადრე სხვა ეროვნების მათი კოლეგა მეზღვაურები საქმდებოდნენ”, განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

მეზღვაურები საქართველოში ავიაკომპანია Myway Airlines-ის სპეციალური ავიარეისით ჩამოვიდნენ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად საქართველოს მოქალაქე 4000-მდე მეზღვაურს დაეხმარა.