სახელმწიფო მზადაა დააფინანსოს უკრაინული ავიაკომპანიის შექმნა, რომელიც Turkish Airlines-ის დონის იქნება, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია “უკრაინა 24”-ის ეთერში.
“ეს ჩემი ოცნებაა – შევქმნათ თანამედროვე Turkish Airlines-ის, Singapore Airlines-ის დონის სახელმწიფო ავიაკომპანია. სახელმწიფო მზადაა დაფინანსება გამოყოს, რათა შექმნას ნაციონალური სახელმწიფო ავიაკომპანია”, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ახალი ავიაკომპანია საჰაერო ხომალდებს Antonov-ს შეუკვეთავს, რაც დამატებით ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
“დიდი წარმოებაა. დიდი რაოდენობის სამუშაო ადგილებით. თუმცა ბოლო წლებში ერთი თვითმფრინავიც კი არ აწყობილა. არ მესმის, შიდა რეისებზე მაინც რატომ არ დაფრინავენ ჩვენი თვითმფრინავები. სად არიან ჩვენი An-ები? ჩვენ მათთან შევთანხმდით. ამ დროისათვის პროგრამა მუშავდება და ჩვენ ამას გავაკეთებთ”,- განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ უკრაინის სახელმწიფო ავიაკომპანია Ukraine Airlines-ი ჩამოყალიბდა, რომლის ბაზაზეც შემდგომ კერძო კაპიტალის ჩართულობით Aerosvit Airlines-ი და FlyUIA შეიქმნა.
Ukraine Airlines-მა ოპერირება 2004 წელს ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტა.
Aerosvit-მა კი გაკოტრების პროცედურები 2012 წლის ბოლოს დაიწყო. FlyUIA-ს მაჟორიტარული პაკეტი, აქციების 61.58%-ი 2011 წელს გასხვისდა. შესაბამისად ავიაკომპანიის ახალი მფლობელები Aerosvit-ის ყოფილ მფლობელებთან, არონ მაიბერგთან და იგორ კოლომოისკისთან დაკავშირებული კომპანიები გახდნენ.