ავიაკომპანია Georgian Airways-მა რომი-თბილისის სპეცრეისით სამშობლოში  საქართველოს 180 მოქალაქე დააბრუნა. 

მგზავრთა შორის იყვნენ არასრულწლოვანები, ხანდაზმულები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები, შშმ პირები, ონკოლოგიური პაციენტები, ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები. ასევე, აღნიშნული რეისის საშუალებით, სამშობლოში 11 ქართველი მეზღვაური დაბრუნდა.

აღნიშნული რეისით სამშობლოში დაბრუნდა ასევე მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ქ. მატერადან (ბაზილიკატას რეგიონი), რომში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის აეროპორტში მას დახვდა სამედიცინო რეანომობილი და პაციენტი შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანა.

საქართველოს მთავრობა აგრძელებს საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი ავიარეისებით ჩვენი მოქალაქეების უცხოეთიდან ეტაპობრივი ჩამოყვანის პროცესს.

საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა დამატებითი ავიარეისები, რომელსაც ავიაკომპანია Georgian Airways-ი ასრულებს:

22.04 ერბილი-ბათუმი
24.04 ბარსელონა-თბილისი
27.04 ვარშავა-თბილისი
30.04 მადრიდი-თბილისი
02.05 პრაღა-თბილისი

5.05 ათენი-თბილისი
7.05 ამსტერდამი-თბილისი
9.05 ბერლინი-თბილისი

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები.

შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია Georgian Airways ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო.

აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.