ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას ორგანიზებით საკარანტინო ზონები ამ ეტაპზე მთელი საქართველოს მასშტაბით 23 სასტუმროში მოეწყო, სადაც დაახლოებით 1800 ადამიანია განთავსებული. სასტუმროებში შექმნილი საკარანტინო ზონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
„დღეს საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა და კორონავირუსის გავრცელების პრევენცია. საკარანტინო ზონების შექმნა უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელიც საქართველოს მთავრობამ ზუსტ დროს დაიწყო. საკარანტინო ზონების მოწყობა, კვება, ტრანსპორტირება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ხდება. სასტუმროებთან მოლაპარაკების დროს ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მივიღოთ ისეთი ტარიფი, რომელიც მომგებიანია პირველრიგში ქვეყნისთვის, ამ პროექტში დღეს ჩვენ 23 პარტნიორი სასტუმრო გვყავს“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას.- „საკარანტინო ზონების შექმნა შეიძლება სასტუმროებისათვის დადებით პროექტად შევაფასოდ, ორიოდე კვირის წინ ისეთი მდგომარეობა იყო, რომ მეპატრონეები სასტუმროების დახურვაზე და პერსონალის სამსახურებიდან დათხოვნაზე ფიქრობდნენ. როგორც იცით საკარანტინო ზონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მინდა ხაზი გავუსვა, რომ რესურსებს თავისი ლიმიტი აქვს და ჩვენ ვცდილობთ ეს იყოს ადეკვატურ საზღვრებში, რომ კერძო ბიზნეს არ მიადგეს ზარალი, ასევე ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ სახელმწიფო სახსრები, ბუნებრივია ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ფული.“-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
“კიდევ დამატებით თუ საჭიროება გახდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის საკარანტინო ზონაში გადაყვანა ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ვისაც თვითიზოლირების საშუალება არა აქვს მათ შევუქმნათ კომფორტული გარემო, ეს არის საქართველოს მთავრობის ზრუნვა უკლებლივ ყველა მოქალაქეზე.“ -აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას 24 საათის განმავლობაში საქართველოს ყველა აეროპორტში მობილიზებული აქვს სხვადასხვა სახის საკმაოდ კომფორტული სატრანსპორტო საშუალება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მითითებული მგზავრების ტრანსპორტირება 14 დღიანი საკარანტინო პერიოდისათვის საქართველოს სხვადასხვა ადგილას ხდება.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ სასტუმროების ადგილი და განლაგება იყოს ისეთი, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად ავარიდოთ დისკომფორტი. საკარანტინო ზონების შექმნის პროცესი გამჭვირვალეა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვითაა, ეს ეხება უსაფრთხოებას, შენობის დაცვას, გარე პერიმეტრის კონტროლს. უშუალოდ საკარანტინო ზონებში შიგნით ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ. ვფიქრობ მოსახლეობაც სწორად აფასებს იმას რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს და ადამიანები ხედავენ, რომ ასეთი სივრცეების სიმრავლით მათ სიახლოვეს არანაირი საფრთხე ემუქრებათ, ეს არის სრულებით იზოლირებული ტერიტორია და ყველა ადამიანი ინდივიდუალურად არის განთავსებული. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ, რომ ჰქონდეთ კომფორტული გარემო, იქედან გამომდინარე რომ მათ უწევთ 14 დღის განმავლობაში უჩვეულო რეჟიმში იზოლირება“-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.