2022 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ავიაკომპანია Geo Sky-ა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2022 წლის 8 განმავლობაში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 334 სატვირთო რეისი შეასრულა.
შესრულებული რეისების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ქართული სატვირთო კომპანია Georgian Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 293 რეისი განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიამ ოპერირება თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყო.
შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე ქართული სატვირთო ავიაკომპანია Myway Airlines-ი, რომელმაც იანვარ-აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 96 რეისი განახორციელა.
რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე კი უნგრული სატვირთო ავიაკომპანია Fleet Air International-ი რომელიც საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე იანვარ-აგვისტოში 68 რეისს მოემსახურა.
განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზეა თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით იანვარ-აგვისტოში ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 62 სატვირთო რეისი განახორციელა.
საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.