ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ი, რომელიც ბაზარზე თებერვლის ბოლოდან გამოჩნდა, გადაზიდვების ბაზარზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ ყალიბდება. ავიაკომპანიამ მალევე მოახერხა ის, რომ შესრულებული რეისებით ლიდერ კომპანიად ჩამოყალიბებულიყო. რეისების რაოდენობაში ლიდერობა არ ნიშნავს, რომ ავიაკომპანია ტვირთების მოცულობითაც ლიდერია, რადგანაც Georgian Airlines-ს საჰაერო ხომალდებს ტვირთების გადატანის განსხვავებული სიმძლავრეები გააჩნია.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მარტში, აპრილში და მაისში Georgian Airlines-ი საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით TOP-5 ავიაკომპანიას შორის ლიდერი კომპანიაა.
Georgian Airlines-მა ტვირთების მომსახურება 20 თებერვლიდან დაიწყო და თვის ბოლომდე 15 რეისის შესრულება მოახერხა. მარტის განმავლობაში კომპანიამ 64 რეისი შეასრულა, აპრილში 53 რეისი, ხოლო მაისში 57 რეისი.
რაც შეეხება 2022 წლის იანვარ-მაისში მონაცემებს, საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით Georgian Airlines-ი TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა, რომელმაც საანგარიშო პერიოდში სულ 189 რეისი განახორციელა.
5 თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით Georgian Airlines-ი მეოთხე ადგილზეა, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 530,739 ტონა ტვირთი გადაზიდა.
“ავიაკომპანია შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, რომ არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლოს და რაც მთავარია სამომავლო გაფართოებაზეც იზრუნოს. დღეს საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე დიდი მოთხოვნაა. დიდია კონკურენციაც. Georgian Airlines-ს საკმაოდ შორს მიმავალი გეგმები აქვს. მოძიების და მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ, რათა ახალი ბორტები დავიმატოთ და არსებული სიმძლავრეები გავზარდოთ.

იმავდროულად ვეძებთ ახალ ბაზრებს. ახალი კლიენტების მოძიების პარალელურად არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების გაღრმავებაზეც ვმუშაობთ. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ჩინეთის ბაზარზე შევლას”, – აცხადებს Georgian Airlines-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილი

შეგახსენებთ, რომ Georgian Airlines-ი მე-6 ქართული ავიაკომპანიაა, რომელმაც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ავტორიზაცია მოიპოვა.
ავტორიზაციის საფუძველზე, ავიაგადამზიდველს უფლება ენიჭება ერთი ცენტრალიზებული ნებართვით ოპერირება განახორციელოს EASA-ს წევრ ევროკავშირის 28 და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის 4 ქვეყანაში.
ნებართვა ადასტურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სრულ შესაბამისობას საავიაციო უსაფრთხოების ICAO-ს და ევროკავშირის სტანდარტებთან, ამასთანავე მოწმობს ქვეყნის მიერ ფრენების უსაფრთხოების ნორმების დაცვის და ზედამხედველობის მაღალ ხარისხზე (სხვა ელემენტებთან ერთად ავტორიზაციის პროცესში ყურადღება ექცევა ICAO-ს აუდიტის დროს გამოვლენილ შედეგებს). ნებართვა ძალაშია მანამ სანამ ოპერატორი აკმაყოფილებს PART-TCO რეგულაციის სტანდარტებს ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოწმობის გამცემი სახელმწიფო (საქართველო) არ შეაჩერებს ან გააუქმებს შესაბამისი სერტიფიკატის მოქმედებას.
EASA-ს ავტორიზაციის შემდეგ Georgian Airlines-თვის ევროპის კარი ფართოდ იღება და მას საქართველოდან ევროპაში რეგულარული რეისების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევა. Georgian Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2022 წლიდან თებერვლიდან ოპერირებს, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ორ საჰაერო ხომალდს. რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული.
Georgian Airlines-ი რიგით მეექვსე ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვის მფლობელი გახდა. 2016 წელს EASA-ს ავტორიზაცია ავიაკომპანიებმა Georgian Airways-მა და TCA-მ მოიპოვეს, 2018 წელს კი ავიაკომპანიებმა GEO SKY-მ და Myway Airlines-მა, 2021 წელს Easy Charter-მა, ხოლო მიმდინარე წელს Georgian Airlines-მა. აღსანიშნავია, რომ Georgian Airlines-ი ერთ-ერთი პირველი ქართული ავიაკომპანიაა, რომელმაც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ავტორიზაცია ოპერირების დაწყებიდან სამთვეში მიიღო.
ცნობისათვის, 2016 წლიდან, EASA-ს ავტორიზებული ნებართვის ქონა სავალდებულოა ნებისმიერი არა-ევროკავშირის ქვეყნის ოპერატორისთვის, რომელსაც სურვილი აქვს იფრინოს აღნიშნული გაერთიანების ტერიტორიაზე.