ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი იანვარი-ნოემბრის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. თამაზ იორაშვილის განცხადებით, ტურისტული ვიზიტების აღდგენა სწრაფი ტემპით გრძელდება.

„11 თვის მონაცემით ტურიზმის სტატისტიკაში ძალიან პოზიტიური ციფრები გვაქვს, ხუთ მილიონამდე საერთაშორისო ვიზიტორს ვუმასპინძლეთ, ამ მონაცემებმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. აღსანიშნავია ის ძალიან აქტიური მარკეტინგული კამპანიები რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახორციელა ამ პერიოდის განმავლობაში მიზნობრივ ბაზრებზე,“-განაცხადა თამაზ იორაშვილმა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს უკვე უმასპინძლა 600-მდე საერთაშორისო მედიისა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს, რაც ხელს შეუწყობს მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას.

2022 წლის 11 თვეში საქართველოში 4,862,247 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +185.5%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 55.9%-ს შეადგენს.

2022 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში 3,348,333 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +133.7%-ით მეტია გასული წლის 11 თვესთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 70.2 % აღდგენილია.