2023 წლის პირველ ნახევარში დუბაის ტურისტული ინდუსტრია სტაბილურ ზრდას აგრძელებს. 2023 წლის 6-თვიან პერიოდში დუბაიში საერთაშორისო ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა – 8,55 მილიონი დაფიქსირდა, რაც აღემატება პანდემიამდელ, ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (2019 წლის H1 – 8,36 მილიონი).
დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის (DET) მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის მიხედვით დასავლეთ ევროპის ქვეყნები ლიდერობენ, რომელთა წილი დუბაიში მთლიანი საერთაშორისო ვიზიტების 20%-წარმოადგენს. სპარსეთის ყურის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა ტურისტული ნაკადის 28% შეადგინა, სამხრეთ აზიამ – 17%; რუსეთმა, დსთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა – 14%. ჩრდილოეთ აზიამ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამ ერთად ტურისტული ნაკადის 8% უზრუნველყო, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმა, აფრიკამ და ავსტრალიამ, შესაბამისად, 7%, 4% და 2% შეადგინა.
დუბაის სასტუმრო ინდუსტრიამ 2023 წლის პირველ ნახევარში შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ყველა ინდიკატორის მიხედვით, მათ შორის, სასტუმროს დატვირთულობის (Occupancy), საშუალო დღიური განაკვეთის (ADR), ერთ ხელმისაწვდომ ნომერზე შემოსავლის (RevPAR) და ყოფნის ხანგრძლივობის ჩათვლით.
2023 წლის პირველ ნახევარში დუბაიში სასტუმროების საშუალო დატვირთულობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო და ამ მაჩვენებელმა 78% შეადგინა (2.2%-ით მეტი პანდემიამდელ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით). ზრდა მიღწეული იქნა იმის გათვალისწინებით, რომ ოთახებისა და სასტუმროების საერთო რაოდენობა პანდემიის შემდეგ, შესაბამისად, 26%-ით და 13%-ით გაიზარდა.
სასტუმრო ინფრასტრუქტურის გაფართოებაში მნიშვნელოვანი როლი როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ინვესტიციებმა ითამაშეს. ქალაქს ამჟამად 810 სასტუმრო აქვს 148 689 ნომრით, როცა 2019 წლის პირველ ნახევარში 714 სასტუმრო და 118 345 ნომერი ჰქონდა. დარჩენის საშუალო ხანგრძლივობა 3,5-დან 3,9 ღამემდე გაიზარდა, რაც მოგზაურების ხანგრძლივად დარჩენის ტენდენციაზე მეტყველებს. დაკავებული ოთახების საერთო რაოდენობამ 20,73 მილიონს მიაღწია, ეს მაჩვენებელი 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით 32%-ითაა გაზრდილი. ხოლო ოთახების საშუალო დღიური განაკვეთი (ADR) 20%-ით, 444-დან 534 დირჰემამდე გაიზარდა, რაც შეეხება შემოსავალს ხელმისაწვდომ ნომერზე (RevPAR) 336 დირჰემიდან 415 დირჰემამდე გაიზარდა, რაც24%-იან ზრდაზე მიუთითებს, 2019 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით.
დაინტერესებულ მხარეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით, დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტი ეკონომიკური და ტურისტული წარმატების მისაღწევად არაერთ მიზნობრივ კამპანიას ახორციელებს, რაც დუბაის ინოვაციების, შემოქმედებისა და ტექნოლოგიური მიღწევების კერად დამკვიდრებას უზრუნველყოფს და იზიდავს ნიჭიერ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, ხოლო ქალაქის მაცხოვრებლებისა და ვიზიტორებისთვის მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს ქმნის.