მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ცა ორი წელია დაკეტილია სამი უკრაინული ავიაკომპანია ოპერირებას და მგზავრების მომსახურებას აგრძელებს.

მათ მგზავრები გადაჰყავთ როგორც უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში, ასევე რეგისტრაციის ქვეყნიდან შორს.

avianews.com-მა გაარკვია, თუ რომელი უკრაინული ავიაკომპანიები დაფრინავენ ამ დროისათვის, რომელ ქვეყნებში და რომელ ფლოტს იყენებენ ამისთვის.

SkyUp Airlines

SkyUp Airlines გახდა უმსხვილესი უკრაინული ავიაკომპანია, რომელსაც მგზავრები შეუფერხებლად გადაჰყავს. ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, გადამზიდველმა შეძლო თითქმის მთელი ფლოტის ევაკუაცია უკრაინიდან, ხოლო 2023 წელს მან ბორისპოლის აეროპორტიდან თავისი ბოლო თვითმფრინავიც გაიყვანა.

SkyUp Airlines ამჟამად დაფრინავს შვიდი თვითმფრინავით: ორი 149 ადგილიანი Boeing 737-700 (რეგისტრაცია UR-SQD, UR-SQE) და ხუთი 189 ადგილიანი Boeing 737-800 (რეგისტრაცია UR-SQB, UR-SQC, UR-SQF, UR- SQG, UR-SQO).

SkyUp Airlines-ის ორი თვითმფრინავი ბაზირებულია მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში. ეს არის Boeing 737-700 UR-SQD, რომელიც ახორციელებს მოლდოვის ავიაკომპანია Flyone-ის ფრენებს და Boeing 737-800 UR-SQG, რომელიც ახორციელებს მოლდოვის ავიაკომპანია HiSky-ის რეისებს და ემსახურება ტურისტებს.

Boeing 737-700 UR-SQE-სა და Boeing 737-800 UR-SQC-ს ტურისტები გადაჰყავს ევროპის ქალაქებიდან სხვადასხვა კურორტებზე და დაფრინავს SkyUp Airlines​-ის მალტის განყოფილების კოდით – SkyUp MT.

SkyUp Airlines-ის კუთვნილი Boeing 737-800 UR-SQO ეგვიპტეში აღმოჩნდა, სადაც ის იჯარით არის გაცემული FlyEgypt-ზე. თვითმფრინავი რეგულარულად დაფრინავს ევროპაში, საიდანაც ტურისტები დასასვენებლად მიჰყავს ეგვიპტის კურორტებზე.

SkyUp Airlines-ის ორი Boeing 737-800 UR-SQB და UR-SQF უკრაინიდან ყველაზე შორსაა. ისინი ბაზირებულები არიან დაკაში, ბანგლადეშის დედაქალაქში და ახორციელებენ ფრენებს ადგილობრივი ავიაკომპანია US-Bangla Airlines-ისთვის.

გარდა უკრაინის დროშის ქვეშ ოპერირებისა, SkyUp Airlines-მა მალტაში სრულფასოვანი ავიაკომპანია SkyUp MT გახსნა. სამი Boeing 737-800 უკრაინული რეგისტრაციიდან გადავიდა ახალი ავიაკომპანიის ფლოტში.

SkyUp MT მუშაობს როგორც ევროკავშირში რეგისტრირებული სრულფასოვანი ავიაკომპანია, რაც მას ევროკავშირის ფარგლებში ოპერირების მეტ უფლებას აძლევს. უკრაინული SkyUp Airlines-ის საქმიანობა შეზღუდულია და საჭიროებს რეისების დამტკიცებას, რადგან უკრაინა არ არის ევროკავშირის წევრი.

Windrose Airlines

Windrose-ის მთელი ფლოტი, რომლითაც ავიაკომპანია უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ოპერირებდა, ფაქტობრივად გააჩერა. ამის გამო ავიაკომპანიამ ფრენა რამდენიმე თვით შეწყვიტა.

სიტუაცია შეიცვალა 2022 წლის ბოლოს, როდესაც უმსხვილესმა უკრაინულმა ავიაკომპანია UIA-მ ფრენები შეაჩერა. ავიაკომპანიის ერთ-ერთი თანამფლობელი იყო ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი, რომელიც, UIA-ს სხვა თანამფლობელის არონ მაიბერგის თქმით, თვითმფრინავების ნაწილს ფლობდა ფლოტიდან.

UIA-ს ფრენების შეჩერების შემდეგ, მისი ფლოტიდან სამი თვითმფრინავი გადავიდა Windrose-ის ფლოტში. მედია ასევე იგორ კოლომოისკის ამ ავიაკომპანიის თანამფლობელს უწოდებს.

ამჟამად Windrose დაფრინავს Embraer E190-ით, რომლის სარეგისტრაციო ნომერია UR-EMA, Boeing 737-800-ით, რომლის სარეგისტრაციო ნომერია UR-PSF და Boeing 737-900ER-ით, რომლის სარეგისტრაციო ნომერია UR-PSI.

Embraer E190 UR-EMA ბაზირებულია მონტენეგროში და ეროვნულ გადამზიდავის Air Montenegro-ს ფრენებს ასრულებს.

Boeing 737-800 UR-PSF და Boeing 737-900ER UR-PSI ფრენებს კიშინიოვიდან ასრულებენ და მოლდოვის ავიაკომპანია Flyone-ს რეისებს ასრულებენ.

Skyline Express

2022 წლის თებერვლამდე ავიაკომპანია Skyline Express-ს ერქვა Azur Air Ukraine და გადაჰყავდა ტუროპერატორ ANEX Tour-ის კლიენტები. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადამზიდავმა თანდათან შეაჩერა ყველა ფრენა. თვითმფრინავების ნაწილი თურქეთში გადაიყვანა, ნაწილი კი ბლოკირებული დარჩა უკრაინაში.

2023 წლის გაზაფხულზე Azur Air Ukraine ხელახლა დაიბადა ახალი სახელით და ახალი ფლოტით. ავიაკომპანიამ მიიღო ორი Boeing 757-300 (რეგისტრაციით UR-SLB და UR-SLE), რომლითაც მან დაიწყო ტურისტების ტრანსპორტირება პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქალაქებიდან ზღვისპირა კურორტებზე.

2024 წელს Skyline Express-ის ფლოტში შევიდა მესამე თვითმფრინავი – Boeing 737-900ER (UR-SLW). მას ტურისტები მთელი ევროპიდან დაჰყავს კურორტებზე.

Skyline Express დაფრინავს როგორც საკუთარი კოდით, ასევე ახორციელებს შეკვეთებს თურქული ჩარტერული ავიაკომპანიიდან Mavi Gök Airlines (MGA). აღსანიშნავია, რომ ამ თურქულ გადამზიდავს ეკუთვნის Skyline Express-ის ფლოტის თვითმფრინავები.

დასკვნა

მგზავრთა გადაყვანას 2024 წლის მაისში ახორციელებს მხოლოდ სამი უკრაინული ავიაკომპანია – SkyUp, Windrose და Skyline Express.

ავიაკომპანიები იჯარით გასცემენ საკუთარ თვითმფრინავებს ეკიპაჟებთან ერთად სხვა ავიაკომპანიებზე, რომლებსაც არ აქვთ ფლოტი, ან ახორციელებენ ჩარტერულ ფრენებს საკუთარი კოდით.

ამ დროისთვის, ეს არის ერთადერთი საოპერაციო ვარიანტი, რომლებიც უკრაინულ ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს განაგრძონ ოპერირება და შეინარჩუნონ პერსონალი, ხოლო უკრაინის ცა ისევ დახურული რჩება სამოქალაქო ავიაციისთვის.