COVID-19-ის გამო საბერძნეთისთვის წლევანდელი ტურისტული სეზონი რადიკალურად განსხვავებული იქნება. ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ორგანიზაციამ და ტურიზმის სამინისტრომ, ხარის თეოხარის მეთაურობით, მიაღწია შეთანხმებას და შემუშავდა 9 ახალი კანონი, რომელიც ფრენების განხორციელებას და სასტუმროების მომსახურებას ეხება.

ტურიზმის მინისტრმა, ხარის თეოხარისმა წარმოადგინა 9 კონკრეტული კანონი, რომელიც დაცული უნდა იყოს წლევანდელ ტურისტულ სეზონზე.

კერძოდ, ფრენებთან დაკავშირებით:

საბერძნეთში უცხო ქვეყნიდან გამომგზავრების მსურველმა აუცილებლად უნდა იქონიოს დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა ბოლო 72 საათის მანძილზე და მისი პასუხი უარყოფითია. მისი არ ქონის შემთხვევაში ის თვითმფრინავის ბორტზე არ დაიშვება. (საუბარია ე.წ. “ჯანმრთელობის პასპორტზე”).

გაყიდვაში იქნება თვითმფრინავის ბორტზე არსებული ყველა ადგილი ანუ ფრენები განხორციელდება სავსე თვითმფრინავით, რომ ავიაკომპანიებმა წაგებაზე არ იმუშაონ.

ფრენების დროს, რომლებიც ხორციელდება არაუმეტეს 4 საათის მანძილზე, მომსახურებაში არ შევა საკვები. არამედ მხოლოდ პაკეტში მოთავსებული პროდუქტი.

ტურისტები საბერძნეთს დატოვებენ ყველანაირი კონტროლის გარეშე, ანუ არ იარსებებს საფრთხე, რომ ვინმე ქვეყანაში ჩარჩება ან კარანტინში მოათავსებენ. (არ იგულისხმებიან ისინი, ვისაც ვირუსი დაუდგინდება).

რაც შეეხება, საცხოვრებლებს ანუ სასტუმროებს:

ტურიზმის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ საბერძნეთის ყველა ტურისტულ რეგიონში იარსებოს “სასტუმრო-კარანტინმა”, რომელიც განკუთვნილი იქნება ტურისტებისთვის, რომელთაც შეიძლება ვირუსი საბერძნეთში დაუდგინდეთ. მათ სწორედ ასეთ სასტუმროში გადაიყვანენ.

თითოეული სასტუმროს ხელმძღვანელობა ვალდებულია კონტრაქტი გააფორმოს ექიმთან, რომელიც ან იქვე იცხოვრებს ან დისტანციურად ითანამშრომლებს მათთან. ეს იმისთვის, რომ თუ გაჩნდა საჭიროება, ტურისტს ჩაუტარდეს ტესტი კორონავირუსზე და დადებითი პასუხის ამოსვლის შემთხვევაში, მას დაუყოვნებლივ “სასტუმრო-კარანტინში” გადაიყვანენ.

სავალდებულო იქნება სასტუმროს თანამშრომელთა გადამზადება, ჰიგიენის სპეციალური წესების დაცვისთვის.

სასტუმროებში არ იარსებებს ბუფეტები, გამონაკლისი შეიძლება იყოს პატარა სასტუმროები.

შეზლონგებს უნდა ჰქონდეს ერთჯერადი საფარი, რომელიც გამოიცვლება თითოეული კლიენტისთვის.

როგორც ტურიზმის სამინისტრო აცხადებს, გასულ წელს ამ სფეროდან ქვეყნის ეკონომიკაში 18 მილიარდი ევრო შევიდა, წელს კი ეს თანხა, ყველაზე დიდი, 8 მილიარდი ევრო შეიძლება იყოს. ხარის თეოხარისმა თქვა, რომ მთავრობათაშორისი შეთანხმებები მიღწეულ იქნა ბულგარეთთან, ისრაელთან, კვირპოსთან.


წყარო: georgians.gr