საავიაციო ინდუსტრია 2023 წელს დაუბრუნდება მოგების ნორმალურ ზღვარს, თქვა საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) აღმასრულებელმა დირექტორმა უილი უოლშმა კატარში ორგანიზაციის ყოველწლიური შეხვედრის მიღმა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
უოლშმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია 2023 წელს ინდუსტრია აუცილებლად გავა მოგებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ინდუსტრიაში ბევრი პრობლემაა, რომლებიც შეიძლება პირველ კვარტალამდე გაგრძელდეს.
მანვე თქვა, რომ ბევრი ავიაკომპანია ახლა პერსონალის დეფიციტის, COVID-19 შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საჰაერო მოგზაურობაზე გაზრდილი მოთხოვნის და მრავალი საოპერაციო გამოწვევის წინაშე დგას.
უოლშმა დასძინა, რომ მას “არ აწუხებს” არსებული მიწოდებისა და მოთხოვნის ვითარება, რადგან დარწმუნებულია, რომ საავიაციო ინდუსტრიის ყველა მონაწილე გაუმკლავდება პრობლემებს.