სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრის პოტენციალის კვლევა ჩატარდა და ახლა ინვესტორების მოძიების პროცესი მიმდინარეობს. როგორც სააგენტოს ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსი დავით ტავლალაშვილი აცხადებს, პროექტის შეთავაზება პოტენციური ინვესტორებისთვის უკვე დაწყებულია და ამ მიზნით სააგენტომ პროექტი ორ საერთაშორისო გამოფენაზე უკვე წარადგინა კიდეც.
„საჰაერო ხომალდების შეკეთებისა და მომსახურების ცენტრის პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე ცენტრის, ე.წ. ანგარის გაკეთებას გულისხმობს, სადაც მოხდება თვითმფრინავების ჩამოყვანა, მათ შორის ერთი ნაწილის გეგმიურად, ნაწილის კი კონკრეტული სერვისის მისაღებად. ხომალდის შემოწმების სხვადასხვა ტიპი არსებობს (A, B, C, D Check). ვფიქრობთ, ჯერ მარტივი სერვისების მიწოდებით დავიწყოთ და თანდათან სხვადასხვა ეტაპებზე გადავიდეთ“, – აღნიშნავს დავით ტავლალაშვილი.
მისივე თქმით, კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა ისიც, რომ საქართველოს გააჩნია სათანადო სამუშაო ძალა და პოტენციალი განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რეგიონში იზრდება თვითმფრინავების ფლოტები და მსგავსი ტიპის ცენტრები უკვე გადატვირთულია.
„შესაბამისად, ჩვენი ამბიციაა, რომ მოვიზიდოთ ინვესტორი, რომელიც მსგავსი ტიპის ცენტრის პროექტს საქართველოში განახორციელებს“, – ამბობს დავით ტავლალაშვილი.
მისივე თქმით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ამ მიმართულებით უკვე იმყოფებოდა ორ საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც მონაწილეებს თვითმფრინავების ცენტრის პროექტი გააცნეს.
„ამ დროისათვის 3 კომპანიასთან გაქვს უფრო წინ წასული მოლაპარაკება და დაველოდოთ შედეგებს“, – აღნიშნავს დავით ტავლალაშვილი.
მისივე განმარტებით, სააგენტოს მიერ ჩატარდა კვლევები და არსებული კვლევებით საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრის შესაქმნელად თბილისს უფრო მაღალი პოტენციალი აქვს.
დავით ტავლალაშვილის თქმით, კვლევის მიხედვით შერჩეული მოდელის პოტენციური საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ დოლარია.