საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” დელეგაცია ლისაბონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ედიშერაშილმა შეხვერები გამართეს ნავპორტუგალიის პრეზიდენტთან მანუელ ტექსეირა როლოსთან და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლოს ანტონიო ალვესთან.
შეხვედრებზე მხარეებმა შპს “საქაერონავიგაციასა” და პორტუგალიის სააერნაოსნო სერვისის პროვაიდერ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრებზე საუბარი შეეხო სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების რესერტიფიცირების საკითხს, მისი დანერგვისა და აღსრულების ტექნიკურ და პროცედურულ ასპექტებს და ამ კუთხით პორტუგალიის პრაქტიკის გათვალისწინებას.
“სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი”, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ევროკომისიის N2017/373 რეგულაციის შესაბამისად მიიღო, 2020 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება და ის საქართველოს საჰაერო სივრცესა და სამოქალაქო აეროდრომებზე სააერნაოსნო მომსახურების გამწევი საწარმოების ევროპული სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებას ითვალისწინებს.
“აღნიშნული წესი ძალაში 2020 წლის აპრილიდან შევა, სადაც განსაზღვრულია სააერნაოსნო მომსახურების და მისი ცალკეული სამსახურების სერტიფიცირების წესი და პირობები, ასევე დადგენილია საორგანიზაციო და ტექნიკური მოთხოვნები ჩვენს მიმართ. ავიაციის სააგენტო საავიაციო საწარმოების, მათ შორის საქაერონავიგაციის, რესერთიფიცირებას ევოპული მოთხოვნების გათვალისწინებით განახორციელებს. ეს ხელს შეუწყობს სააერნაოსნო მომსახურების ხარისხის ამაღლებას და შესაბამისად, ფრენების უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებზე გადასვლას.
ამ ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე, ჩვენ შეხვედრებს და კონსულტაციებს ვმართავთ სააერნაოსნო მომსახურების მიმწოდებლებთან, ვიღებთ სრულ ინფორმაციას რესერტიფიცირების პროცესთან და მათ ვალდებულებებთან დაკავშირებით,” – განაცხადა შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.
პორტუგალიის სააერნაოსნო სერვისის პროვაიდერი კომპანიის ტოპ-მენეჯმენტმა დეტალურად გააცნო ქართულ მხარეს ყველა ის პროცედურა, რასაც EUROCONTROL -ის წევრი სახელმწიფოები გადიან ახალი ევროპული რეგულაციების დასანერგად და სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში ტექნიკურ დახმარებას დაპირდა.