“საქართველოშ ავიაკომპანია Ryanair-ი შემოსვლა უდიდეს წვლილს შეიტანს როგორც ტურიზმის ასევე, საავიაციო ინდუსტრიის განვითარებაში”, აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. მისივე განმარტებით, Ryanair-ი ეს არის ძალიან ცნობადი ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ავიაკომპანიის სტატუსით სარგებლობს.
“ჩვენ Ryanair-თან ვგეგმავთ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისევე როგორც ვთანამშრომლობთ სხვა მოწინავე ავიაკომპანიებთან, იმ მიზნით, რომ მოხდეს საქართველოს სწორი პოზიციონირება, პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა, უშუალოდ იმ ქვეყნებში საიდანაც Ryanair-ი რეისებს შეასრულებს როგორც დედაქალაქის, ასევე ქუთაისის მიმართულებით.
როგორც იცით, წლის დასაწყისში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეგიდით ძალიან დიდი მასშტაბური კამპანია დაიწყო საქართველოს ცნობადობის გასაზრდელად. უფრო დიდი აქცენტი კეთდება ევროკავშირის ქვეყნებზე, მათ შორისაა: დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნები.
რა თქმა უნდა ინტენსიურად, უფრო მეტად გავაძლიერებთ მუშაობას ახალ მიმართულებებზე. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გერმანია.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და ინიცირებით, აღნიშნულ სამ მიმართულებას დაემატება კიოლნი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ გერმანია განსაკუთრებით მიმზიდველი სტრატეგიული ტურისტული ბაზარია”,-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე Ryanair ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით რეისებს კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს, ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს. პირდაპირი ავიარეისები ევროპის მიმართულებით 2019 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყება. 2020 წლიდან კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია კიოლნის მიმართულებას დაამატებს, რომელიც პირველ ეტაპზე კვირაში 3 ჯერ შესრულდება.