„წლების განმავლობაში საქართველომ ნამდვილად დიდი  საქმე გააკეთა, რომ  ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბებულიყო. მოხარულები ვართ, რომ ამ პროცესის ნაწილი გავხდით სამი მიმართულებით ფრენების დაწყებით, – ამის შესახებ მსოფლიოს უმსხვილესი და ცნობილი ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ბრაინმა ქართულ მხარესთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, Ryanair-ი კვირაში ოთხი სიხშირით შეასრულებს ფრენებს მილანის მიმართულებით თბილისიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მილანის „ბერგამოს” აეროპორტიდან ავიაკომპანია 19 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ფრენებს.

„შესაბამისად, მილანი მნიშვნელოვანი ჰაბია. ასევე, მიმდინარე წელს კვირაში ორჯერ შესრულდება რეისები ქუთაისიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით”, – აღნიშნა Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა.

დევიდ ო’ბრაიენის განცხადებით, სასიხარულოა, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გადაწყდა და დაანონსებულ სამ მიმართულებას დაემატა მეოთხე, კიოლნის მიმართულება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბარმა და იმ მხარდაჭერამ, რაც მან და ეკონომიკის მინისტრმა აღგვითქვეს, დამარწმუნა, რომ აქ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და თანაც დაუყოვნებლივ. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ შემდეგი ზაფხულიდან ჩვენ განვახორციელებთ ფრენებს თბილისი-კიოლნის მიმართულებით კვირაში სულ მცირე, სამი სიხშირით. მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია”, – აღნიშნა დევიდ ო’ბრაიენმა.