აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ავიაკომპანია Ryanair-თან მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ერთ კვირაში გერმანიაში გაიმართება.

როგორც bm.ge-ის ჩოგოვაძემ განუცხადა, გერმანიაში 9 აპრილს გაემგზავრება.

მისი პროგნოზით, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის ირლანდიური კომპანია საქართველოში შემოვა და სხვადასხვა მიმართულებით რეგულარულ პირდაპირ რეისებს დაიწყებს.

„მოლაპარაკებები განახლებულია და ის უკვე აქტიურ ფაზაშია. ჩვენ სწორედ ამ მიზნით ვგეგმავთ ერთ კვირაში გერმანიაში ვიზიტს, რომ მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ და იმედი გვაქვს, პროცესები დაჩქარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოში დაიწყებს ოპერირებას“, – აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის თებერვალში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ, ავიაკომპანია Ryanair-თან კონტრაქტის გაფორმება ეკონომიკისთვის არახელსაყრელი იყო, რადგანაც კომპანია სახელმწიფოსგან თითოეულ გადაყვანილ მგზავრზე 75 ევროს სუბსიდიას ითხოვდა.
„Ryanair-ს რაც შეეხება, მოლაპარაკებების შესახებ, რომლებიც ადრე იყო ჩვენც გვსმენია, მაგრამ არ იყო ის ხელსაყრელი, რადაგანაც ავიაკომპანია მგზავრზე 75 ევროს სუბსიდიას ითხოვდა საქართველოს სახელმწიფოსგან, რისი განხორციელებაც ვფიქრობთ, რომ არ იყო სწორი გადაწყვეტილება. შესაბამისად, ჩვენ ვანახლებთ მოლაპარაკებებს,”- განაცხადა საღინაშვილმა.

მაშინ მინისტრის მოადგილის ამ განცხადებას არასწორი უწოდა პარტია “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა. დეპუტატი წინა ხელისუფლების პერიოდში ქუთაისის აეროპორტის განვითარების პროექტში იყო ჩართული და საერთაშორისო ავიაკომპანიებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებაც იყო ინფორმირებული.
მისი თქმით, Ryanair-ს სუბსიდიის მსგავსი ოდენობა არ დაუსახელებია.

“საერთოდ ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაცია თავის დროზე სწორედ რაინეარის შემოსაყვანად გადაწყდა. იმ ხედვით და გეგმით რაც არსებობდა, აეროპორტის მგზავრთა ნაკადი 2 მილიონს დიდი ხნის წინ უნდა გადამცდარიყო. იმ მასშტაბის მიმოსვლა ევროკავშირთან რა მასშტაბსაც მოიტანდა რაინეარის ამუშავება – რაც ამჟამინდელ ნაკადზე 5-ჯერ მეტია – დასავლეთ საქართველოს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური რეალობისთვის უდიდესი სტიმული იქნებოდა. იმის თქმა რომ რაინეარი მგზავრში 75 ევროს ითხოვდა სრული სიცრუეა,”- განუცხადა BM.Ge-ის კანდელაკმა.