ირლანდიური “ლოუკოსტერი” Ryanair-ი გეგმავს, რომ უახლოეს პერიოდში, ზაფხულის განრიგს გადახედოს, რაც თავის მხრივ Boeing 737 MAX-თან დაკავშირებულ აკრძალვებს უკავშირდება. ამ ფონზე, კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ პილოტების რაოდენობის, დროებითი, შემცირება მოახდინონ. უკვე ცნობილია ისიც, რომ თებერვლიდან ავიაკომპანია რამდენიმე ბაზის დახურვასაც აპირებს. 

მიმდინარე წლის ზაფხულში Ryanair-ის ავიაპარკში 10-ით ნაკლები თვითმფრინავი იქნება, ვიდრე ეს კომპანიის წინა გათვლებში იყო. ავიაკომპანიაში Boeing 737 MAX-ის მოწოდების პრობლემის მოგვარებას სექტემბერ-ოქტომბერში ვარაუდობენ, ხოლო მანამდე ავიაკომპანიას თვითმფრინავების რაოდენობის მხრივ პრობლემები ექმნება. 

მიმდინარე წელსათვის Ryanair-ის გეგმებში ავიაპარკის 58 ერთეული 737 MAX-ით შევსება შედიოდა,  თუმცა 2019 წლის ბოლოს კომპანიამ გეგმებს ისევ გადახედა და არსებული შეზღუდვების ფონზე 2020 წელს ავიაპარკი 10 საჰაერო ხომალდით ნაკლებით გათვალა. 

როგორც ცნობილია Boeing-მა 737 MAX-ების ოპერირების ნებართვა მარეგულირებისგან ისევ ვერ მიიღო და კომპანია იძულებული გახდა 2020 წლის იანვრიდან 737 MAX-ის წარმოება შეეჩერებინა.