ევროპის უმსხვილესი ლოუკოსტერ Ryanair-ს საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა კვლავინდებურად სურს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ოლირი Forbes Georgia-სთან ამბობს, რომ თუკი ქართული აეროპორტბიდან წამახალისებელ შეთავაზებას მიიღებს ეს საკითხი დღის წესრიგში ისევ დადგება.

„თუკი საქართველოს აეროპორტები შეღავათებს შემოგვთავაზებენ, მზად ვართ განვაახლოთ მოლაპარაკებები,“ – ამბობს Ryanair-ის CEO.

პირველ ეტაპზე ავიაკომპანია საქართველოსთვის ევროპის მიმართულებით ფრენების შეთავაზებას განიხილავს, მათ შორის ასახელებს პოლონეთის, გერმანიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებებს.

„ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვსურს ფრენის ხანგრძლივობა 5-6 საათი იყოს, ძირითადად ჩვენ საქართველოს დავაკავშირებთ  იმ ქალაქებთან, სადაც ფრენის ხანგრძლივობა 3 საათია.“

რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებს, მაიკლ ოლირი ამბობს, რომ Ryanair-ი მზად არის იფრინოს ქვეყნის იმ აეროპორტიდან (ქუთაისი თუ თბილისი), რომელიც მეტ შეღავათს შესთავაზებს კომპანიას.

„ეს ყოველთვის კომერციული მოლაპარაკებების საგანია – ჩვენ ჩვეულებრივ მოლაპარაკებები გვაქვს ქვეყნის მთავარ აეროპორტთან, ამავდროულად გვაქვს მოლაპარაკებები მეორეხარისხოვან აეროპორტებთან და მათთანაც, ვისაც ზრდა სურს,“ – განმარტავს მაიკლ ოლირი. მას მაგალითად 10 წლის წინ გერმანიაში დაწყებული ფრენები მოჰყავს. ავიაკომპანიამ ფრენები ფრანკფურტში ჰანის და ჰამბურგში ბრემენის მეორეხარისხოვანი აეროპორტებიდან დაიწყო, თუმცა ამ აეროპორტების წარმატებული შედეგების შემდეგ ავიაკომპანიამ ქვეყნის მთავარი აეროპორტიდან მიიღო შეთავაზება, შესაბამისად, Ryanair-ი ახლა უკვე დაფრინავს როგორც მეორეხარისხოვანი, ასევე ფრანკფურტის, ჰამბურგისა და დიუსელდორფის მთავარი აეროპორტებიდან.