ბარსელონას აეროპორტს სახელი შეეცვლება. გადაწყვეტილება ესპანეთის მთავრობამ უკვე მიიღო. ბარსელონას ელ-პრატის საერთაშორისო აეროპორტს კატალონიელი პოლიტიკოსის ჟოზეფ ტარადელიას სახელი მიენიჭება. ჟოზეფ ტარადელიასი კატალონიის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ, ის იყო კატალონიის მთავრობის პირველი მეთაური, ავტონომიური გაერთიანების პირველი პრეზიდენტი 1979-1980 წლებში.

კატალონიის მთავრობა, იგივე Generalitat de Catalunya — მთავრობა, რომელიც შედის ესპანეთის კონსტიტუციური მონარქიის სახელმწიფო სისტემაში. იგი არსებობს 1979 წლიდან.

კატალონიის მთავრობის საფუძვლები მოცემულია დოკუმენტში „ავტონომიის მდგომარეობა“. მთავრობა, რომელსაც მთავარი რეზიდენცია ბარსელონაში აქვს, ითვლება კორტესების, 1359 წლიდან არსებული სისტემის მემკვიდრედ. იგი შედგება პარლამენტისგან, რომელშიც შედის 135 დეპუტატი და აღმასრულებელი საბჭო.

კატალონიის ავტონომიური გაერთიანების პრეზიდენტი ირჩევა პარლამენტის მიერ 4 წლის ვადით. პრეზიდენტი ირჩევა 1979 წლიდან.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონას ემსახურება ელ-პრატის აეროპორტი, რომელიც ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 17 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. იგი ესპანეთის მეორე უმსხვილესი აეროპორტია, ხოლო ხმელთაშუაზღვისპირეთში — უდიდესი. ის მთავარი კვანძია ავიაკომპანია Vueling Airlines-სა და Spanair-ისათვის, ასევე მასზე ფოკუსირდებიან „იბერია“ და Air Europa. აეროპორტი ძირითადად ემსახურება ადგილობრივ და ევროპულ რეისებს, თუმცა ზოგჯერ ფრენები ხორციელდება ლათინური ამერიკის, აზიისა და აშშ-ისაკენ. აეროპორტი ქალაქთან დაკავშირებულია გზატკეცილით, რეგულარულად დადიან ავტობუსები. 2009 წლის 17 ივნისიდან მომსახურებაში შევიდა ახლადაშენებული ტერმინალი.