ირლანდიურმა “ლოუკოსტერმა” Ryanair-მა საქართველოს მიმართულებით პირველი, რეგულარული რეისი უკვე შეასრულა. Ryanair-ის საჰაერო ხომალდი, რომელმაც მილანი-თბილისის ავიარეისი შეასრულა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის უკან დაეშვა.
როგორც ცნობილია, ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მოლაპარაკებებს დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდნენ. საბოლოოდ კი ავიაკომპანიამ საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა გადაწყვიტა და ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით იწყებს.
Ryanair-ი 7 ნოემბერს, პირველად, მარსელი-ქუთაისი-მარსელის საჰაერო ხაზზე განახორციელებს ოპერირებას. ხოლო 9 ნოემბრიდან ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიას მიმართულებით იწყებს ფრენებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა.
ფრენები მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიას საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით განხორციელდება:
• მილანი-თბილისი-მილანი – 6 ნოემბრიდან, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;
• მარსელი-ქუთაისი-მარსელი – 7 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
• ბოლონია-ქუთაისი-ბოლონია – 9 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.
ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.